საზოგადოება
28/07/2020

განათლების სექტორმა 2019 წელს ₾2 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო

განათლების სექტორის შემოსავლებმა 2019 წელს 2 მლრდ ლარი  შეადგინა, საიდანაც კერძო სექტორის წილი 0.5 მლრდ ლარი იყო.

გალტ ენდ თაგარტის ცნობით, კერძო განათლების სექტორის შემოსავლები და მომგებიანობის მაჩვენებლები მზარდია. სექტორის წმინდა მოგების მარჟამ 2018 წელს 20.4% შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება მთლიანი ბიზნეს სექტორის მომგებიანობის საშუალო მაჩვენებელს საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, კერძო სკოლების საშუალო შემოსავალმა ერთ მოსწავლეზე 3,700 ლარი შეადგინა წმინდა მოგების მარჟა 2018 წლისთვის 19.7%-ს შეადგენდა

განათლების ხელფასები სექტორის მთავარი დანახარჯია და მთლიანი საოპერაციო ხარჯების 65%-ს შეადგენს. ამასთან, კერძო სექტორში ხელფასები საჯარო სექტორთან შედარებით 20-30%-ით მაღალია.

„სახელმწიფოს მიერ დაანონსებული ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში, კერძო სექტორშიც გაზრდის ხელფასებს, რათა არ მოხდეს კვალიფიციური კადრების გადინება. ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს მომგებიანობაზე. ჩვენი შეფასებით, სახელფასო დანახარჯების 15%-იანი ზრდა წმინდა მოგების მარჟას შეამცირებს 7.0 პროცენტული პუნქტით, იმ შემთხვევაში თუ სწავლის საფასური არ შეიცვლება ან სხვა ხარჯები არ შემცირდება“, - ნათქვამია კვლევაში.

ექსპერტები ელიან, რომ 2024 წლისთვის, მოსწავლეების რაოდენობა არსებული 592.9 ათასიდან 634.8 ათასამდე გაიზრდება. ასევე კერძო სექტორში ჩარიცხვების წილი ამჟამინდელი 10.6%-დან 11.5%-მდე გაიზრდება .

Businesspartner

მთავარი სიახლეები