ფოტო: georgiantravelguide
საზოგადოება
29/03/2022

გელათის მონასტერი დროებითი სახურავით გადაიხურება

გელათის მონასტრის სახურავის დაზიანებულ ნაწილზე დროებითი სახურავი მოეწყობა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ძეგლის გადარჩენის და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში 210 ათას ლარიან შესყიდვას განახორციელებს.

მოხდება პროექტის დოკუმენტაციის მომზადება, დროებითი სახურავის კონსტრუქციის დამზადება/ მოწყობა და ძველი დროებითი სახურავის მოხსნა, ახალ კონსტრუქციაზე დროებითი საფარის მოწყობა და ამჟამინდელი კრამიტის საფარის სისტემის მოხსნა.

დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ღვთისმშობლის შობის ტაძრის ჰიგირომეტრიული მდგომარეობის შესახებ მიკროკლიმატოლოგთა ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე, საჭიროა, ტაძრის დასავლეთ მკლავზე მოიხსნას ამჟამინდელი საფარის სისტემა, მათ შორის, დროებითი ლითონის საფარი და მოჭიქული კრამიტის სახურავი, ასევე ახალი მსუბუქი დროებითი სტრუქტურის მქონე სახურავის მოწყობა, რომელიც დაფარავს ეკლესიის ნაწილს და საშუალებას მისცემს ამჟამინდელი ლითონისა და მოჭიქული კრამიტის სახურავების მოხსნას.

საჭირო მომსახურებები და სამუშაოები განხორციელდება 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით.

 

Businesspartner