საზოგადოება
15/01/2021

გიორგი გახარია: ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის

პრემიერი საზოგადოებას პირდება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინასთან დაკავშირებით უკვე დამუშავებული აქვს გეგმა და მას უწყებათაშორისი საბჭო ორშაბათს განიხილავს, რის შემდეგაც გეგმა მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ, ვერც ვხვდები, საიდან ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილია ვაქცინაციის სპეციალური კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს და ეს კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველი ეს არის მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც ლოგისტიკასთანაა დაკავშირებული. ასევე მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია. მეორე საკითხი არის ის, რომ წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ და მესამე - რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც.

საფუძველი არ არსებობს იმის, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner