საზოგადოება
29/03/2021

Goalcatcher-ი კასპში საგანმანათლებლო ცენტრ "კომლს" ააშენებს

Goalcatcher-ი კასპში, ტექნოპარკთან ახლოს სათემო-საგანმანათლებლო ცენტრ „კომლს“ ააშენებს. მშენებლობა ზაფხულში დაიწყება. 

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა თეონა დალაქიშვილმა განაცხადა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება პირველ ეტაპზე 150 000 ლარია. 

ქართული კომპანია უკვე წლებია მუშაობს მენტორინგის დანერგვასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, სწორედ ამიტომ, შეიქმნა Goalcatcher-ის ბლოკნოტი, რომელიც მენტორინგს ხელმისაწვდომს გახდიდა და ადამიანებს დაეხმარებოდა გამხდარიყვნენ საკუთარი თავის მენტორებიც, ქოუჩებიც და იქნებოდნენ უფრო მეტად ორგანიზებულები.

„ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ბლოკნოტის განვითარება, ჩვენი პროდუქტი უფრო კომპლექსურია, მოიცავს ტრენინგებს, კონსულტირებას და მიზანი არის ადამიანებისთვის მენტორინგზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი დანერგვა როგორც კარიერის საწყის ეტაპზე, ასევე კომპანიებში თანამშრომლების გაძლიერების კუთხით.

ვაპირებთ ავაშენოთ ცენტრი, რომელიც უმასპინძლებს მსგავსი ტიპის პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულ ტრენინგ პროგრამებს თბილისის გარეთ. „კომლი“ ეს იქნება ცენტრი, რომელიც  ამ მიმართულებით ბევრ საინტერესო შესაძლებლობას შექმნის.

Goalcatcher-ი შექმნა ენთუზიასტების გუნდმა, სრულიად მცირე თანხებზე დაფუძნებით, თუმცა ჩვენი შემოსავლები და სერვისები, რომლითაც ბევრმა კომპანიამ ისარგებლა,  მუდმივი რეინვესტირების და განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენი ახალი ცენტრის შექმნისთვის კი, საწყის ეტაპზე 150 000 ლარზე მეტი დაიხარჯება,“ – აღნიშნავს, თეონა დალაქიშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები