საზოგადოება
16/04/2021

ჰემოფილიიის პროფილაქტიკური მკურნალობაში არსებული სიახლეები და გამოწვევები საქართველოში

17 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (მის: თელავის #20) ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.

კონფერენცია ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდით, ასევე კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა «ახალი სიცოცხლის» ხელშეწყობით იმართება. კონფერენცია მიზნად ისახავს, ჰემოფილიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობასა და ცნობიერების ამაღლებას, პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის თაობაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.

კონფერენციაში მონაწილეობენ ექიმი ჰემატოლოგები, ექსპერტები და პაციენტები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეაჯამებენ ჰემოფილიის ირგვლივ არსებულ აქტუალურ პრობლემებს, ისაუბრებენ დაავადების მართვის სიმძიმესა და თანამედროვე მეთოდებით პროფლაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობასა და მნიშვნელობაზე.

კონფერენციას საგანგებოდ ისრაელიდან ჩაერთვება ჰემოფილიის ეროვნული ცენტრის და თრომბოზის და ჰემოსტაზის ინსტიტუტის დირექტორი, ამალა ბირონის თრომბოზისა და ჰემოსტაზის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჯილი კენეტი, რომელიც მოწვეულ სტუმრებს ემიციზუმაბით პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტურობასა და მნიშვნელობას გააცნობს. კონფერენციაზე ასევე მოწვეულია კიევის ჰემოსტაზის პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინა ვილჩევსკაია, რომელიც განიხილავს იმ პაციენტების კლინიკურ შემთხვევებს, რომლებიც იტარებენ ემიციზუმაბით პროფილაქტიკურ მკურნალობას.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვლენ: ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე, სს “ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის”, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნი თეა გამეზარდაშვილი, ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მახალდიანი, ჰემოფილიის ცენტრის ექიმი პედიატრ–ჰემატოლოგი თამარ ნადირაძე, ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის ფიზიოთერაპიის მეთოდისტი ლიკა რამიშვილი და ორთოპედ-იმპლანტოლოგი ირაკლი ჩიჩუა.

განიხილება თემები, როგორიცაა, ჰემოფილიიის პროფილაქტიკური მკურნალობაში არსებული სიახლეები და პრობლემები საქართველოში, ჰემოფილია გუშინ და დღეს, ჰემოფილიის მკურნალობის განვლილი ეტაპები და არსებული რეალობა, ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, პანდემიის პერიოდში, სტომატოლოგიური და პირის ღრუს დაავადებების მკურნალობა და პრევენცია ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, სისხლდენითი პათოლოგიების ლაბორატორიული კვლევის თანამედროვე მეთოდები, ფიზიოთერაპია შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებში და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ჰემოფილიის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი დაინტერესება და ინფორმაციულობის დონის გაზარდა. ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა და ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ქალი კი, მხოლოდ დაავადების მატარებელია. დაავადების მქონე პირებს სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს, როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახების, მეგობრებისა და მომვლელების ცხოვრების ხარისხი.

დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ. აქცენტი კეთდება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტების საზოგადოებაში სრულ ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. საქართველოში ჰემოფილიის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, რისი დამსახურებითაც პაციენტები ჰემოფილიით გამოწვეული სისხლდენით აღარ იღუპებიან.

ცნობილია, რომ საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანია დაავადებული, ხოლო მსოფლიოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დაავადებით 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. დღეს, ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად მიღწევადია ცხოვრება სისხლდენის გარეშე. მკურნალობის მიზანი უნდა იყოს 0 სისხლდენა და არა უკვე არსებული სისხლდენის დროებითი შეწყვეტა-შეჩერება. ყველა პაციენტი იმსახურებს სრულფასოვან ცხოვრებას, რაც დღეს უკვე შესაძლებელია პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად. საქართველოში ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო სხვადასხვა მედიკამენტით აფინანსებს, მათ შორის არის ინოვაციური მედიკამენტი - კანქვეშა ინექცია, რომელიც ეფუძნება პროფილაქტიკური მკურნალობის მიდგომას, რაც შესაძლებელს ხდის ცხოვრებას სისხლდენის გარეშე.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

ჰემოფილია გენეტიკური დაავადებაა. დაავადების გენის მატარებლები არიან ქალები, მაგრამ ძირითადად ავადდებიან მამაკაცები. ის მემკვიდრეობით გადაეცემა მომდევნო თაობებს. ამ დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ სისხლის შედედების დარღვევები და სისხლდენისკენ არიან მიდრეკილნი. სისხლდენა შეიძლება ნებისმიერი მიზეზის გარეშე, სპონტანურად დაიწყოს. მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს: სისხლჩაქცევები, განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სახსრების შეუქცევადი დაზიანებები, რის შედეგადაც დაავადებული, მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხდება, გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ. როგორც სპონტანური ისე ტრავმული სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში დაიწყება. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს, როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახის წვრებისა ცხოვრების ხარისხი.

 

 

Businesspartner