საზოგადოება
17/05/2021

ია თაბაგარი: კომენდანტის საათს რა აზრი აქვს, საერთოდ უნდა გააუქმონ

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე და შაბათ-კვირას რესტორნების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა ტურიზმს ხელს ძალიან უშლიდა. 

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებაზე მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია. 

ამასთან, ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვის დრო კი არ უნდა შეემცირებინათ, საერთოდ უნდა გაეუქმებინათ. 

“ჩვენ გეგმა ჯერ კიდევ დეკემბერში დავუდეთ. იდეებს პერიოდულად ვაწვდიდით. ის, რაც იანვარში უნდა გაკეთებულიყო, დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაკეთდა. კომენდანტის საათი და რესტორნებში შაბათ-კვირას შეზღუდვა ტურიზმს ძალიან უშლიდა ხელს. ფრენები დაამატეს სხვადასხვა ავიაკომპანიებმა, ტურიზმი ცოტა ამოძრავდა, აცრილი ტურისტები ჩამოდიან. შაბათ-კვირას ტურისტები ყაზბეგში, სვანეთში, კახეთში რომ დადიან, სად უნდა ჭამონ? გარდა ამისა, კვების ობიექტები 21:00 საათამდე არასრულფასოვნად მუშაობდნენ. ჩემი აზრით, კომენდანტის საათი 23:00 საათამდე კი არ უნდა გადაეწიათ, საერთოდ უნდა გააუქმონ, რა აზრი აქვს?! მაგრამ რას ვიზამთ“,- აღნიშნა ია თაბაგარმა. 

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვის დრო შემცირდა. 21:00 საათის ნაცვლად ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება და 05:00 საათამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, ბარებისა და რესტორნებისთვის შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობა დასაშვები ხდება. 

 

Businesspartner