საზოგადოება
25/03/2023

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე

საქართველოში,ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე  შშმ და სსსმ პირთა მხარდაჭერის სერვისების კოორდინატორმა, ნინო გორგაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლიდან წლამდე ინკლუზიურ  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვები მუდმივად იზრდება.

„2020 წელს გვყავდა 165 საგანმანათლებლო საჭიროების სტუდენტი, 2021 წელს ეს რიცხვი იყო 201, ხოლო 2022 წელს სისტემაში  262 საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი გვყავდა,“ - აღნიშნავს ნინო გიორგაძე.

შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი)  და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი)  პირთა მხარდამჭერი სერვისების კოორდინატორის მტკიცებით, გასულ წელს დააზუსტეს იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც არ აქვს საგანმანათლებლო საჭიროებები, თუმცა არიან შეზღუდული შესაძლებლობების და საჭიროებენ მხარდაჭერას. ასეთი საჭიროების სტუდენტების რაოდენობა ნინო გორგაძის ინფორმაციით 188 ადამიანს შეადგენს.

ცნობისთვის, 2022 წელს,  სისტემაში ჯამში სულ 450 საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტი ფიქსირდება.

 

Businesspartner