საზოგადოება
25/10/2022

ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში - WB-სა და AFD-ის მხარდაჭერით ახალი პროგრამა დაიწყო

მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაიწყო, მიზანი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებაა ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.

ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა $400 მლნ-ის ინვესტიცია გამოყო, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ ევროს თანადაფინანსება განახორციელა.

როგორც საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ ჟოზანმა განაცხადა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის 100 მილიონ ევროს ხარჯავს.

მისი თქმით, 2018 წლიდან საფრანგეთი საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის სექტორში.

„მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, ასევე სოციალური წესებისა და სტანდარტების განვითარებისთვის. გვსურს მეტის გაკეთება მთავრობასთან ერთად, რამდენადაც სოციალური კეთილდღეობა არის ჩვენი საქმიანობის ხერხემალი ქვეყანაში. მთავრობა თანახმაა ჩვენთან მუშაობაზე, მაგრამ ჩვენ გვსურს, შევცვალოთ მეთოდი, რომ იყოს მეტი კოორდინაცია პარტნიორებს შორის. ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად თანადამფინანსებლები ვართ და გუნდი ასრულებს შესანიშნავ სამუშაოს პროგრამის წარდგენაში. ამას მოაქვს დამატებითი ღირებულება გენდერის, კლიმატური ცვლილებების და ევროკავშირის ნორმების თვალსაზრისით, რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირის განვითარების პარტნიორები“, – განაცხადა რაფაელ ჟოზანმა.

თანადაფინანსების ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოაწერეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები