საზოგადოება
23/01/2023

ირაკლი კობახიძე: სტატისტიკით დასტურდება, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციების გვერდის ავლა

მმართველი გუნდი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას ატარებს. ასეთი ინფორმაცია „სიენენის“ ეთერით გავრცელდა და ის კითხვის სახით ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო, თუმცა მისივე თქმით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით, აზერბაიჯანში - 27 პროცენტით, თურქეთში - 35-ით, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 36-ით, ბულგარეთში - 67-ით, სომხეთში - 129 პროცენტით, ხოლო ყაზახეთში - 148 პროცენტით.

კობახიძე განმარტავს, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სი-ენ-ენის გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს ადასტურებს.

 
 
"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3 (!) პროცენტს შეადგენს. ამ ფონზე, როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია;
 
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს საქართველოდან რუსეთში გატანილი საქონლის 3/4-ზე მეტი ალკოჰოლურმა და არაალკოჰოლურმა სასმელებმა, სოფლის მეურნეობის პროდუქციამ და ფეროშენადნობებმა შეადგინა;
 
ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში - 24 პროცენტით, იტალიაში - 100 პროცენტით, საფრანგეთში - 84 პროცენტით, ნიდერლანდებში - 51 პროცენტით, ბელგიაში - 78 პროცენტით, უნგრეთში - 132 პროცენტით, საბერძნეთში - 142 პროცენტით, ესპანეთში - 51 პროცენტით, ავსტრიაში - 139 პროცენტით, სლოვაკეთში - 71 პროცენტით, ბულგარეთში - 116 პროცენტით, რუმინეთში - 55 პროცენტით, ჩეხეთში - 31 პროცენტით, სლოვენიაში - 346 პროცენტით, ხორვატიაში - 68 პროცენტით, კვიპროსში - 138 პროცენტით, ხოლო ლუქსემბურგში - 262 პროცენტით.
 
როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა.
 
ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება", - ნათქვამია  ირაკლი კობახიძის გავრცელებულ განცხადებაში.
Businesspartner