საზოგადოება
15/04/2021

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა

ვაქცინაციის ტემპებით ისრაელი კვლავ მსოფლიო ლიდერია. მინიმუმ ერთი დოზით ქვეყნის თითქმის 62 პროცენტია აცრილი, ერთი დოზით – ნახევარზე მეტი. ვაქცინაციის შედეგები უკვე სახეზეა- ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა დაწესებულება ღიაა და რეგულაციების მინიმალური რაოდენობაა შენარჩუნებული.

ისრაელის შებას კლინიკის ექიმი ნათია ტურფაშვილი jandacva.ge-სთან ამბობს, რომ მის კლინიკაში კოვიდ პაციენტებისთვის გამოყოფილი 7 განყოფილებიდან 6 დაიხურა და ამჟამად მხოლოდ 5 ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ. ბოლო 24 საათში ისრაელში ინფიცირების მხოლოდ 206 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სულ  რაღაც ერთი თვის წინ დღეში ათასობით ადამიანი ინფიცირდებოდა. ეს კი, მედიკოსის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაციის დამსახურებაა.

„ინფიცირების მაჩვენებელი იმდენად შემცირებულია, რომ 24 საათის განმავლობაში მიმღებს ერთი პაციენტი თუ მომართავს, ხოლო ვინც მომართავს, კლინიკაში ფაქტობრივად არავის ვაწვენთ და სახლში ვაბრუნებთ, რადგან მათ ძალიან მსუბუქი მდგომარეობა აქვთ. დღეს გადაუდებელ განყოფილებაში პაციენტები საერთოდ არ გვყავს. არ გვყავს არც დაინტუბირებული პაციენტები. ორ კვირაზე მეტია, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, უკვე დაიგეგმა ქორწილები და დღესასწაულები, რომლებიც ადამიანებს ეპიდემიის გამო გადადებული ჰქონდათ და ახლა უკვე თარიღები დანიშნეს, დააგზავნეს მოსაწვევები. არ გვაქვს არანაირი კომენდანტის საათი და შეზღუდვები. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ აიცრას,“ –  აცხადებს ტურფაშვილი.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მედიკოსის ინფორმაციით, ისრაელში იმუნიზაციის პროცესი მხოლოდ „ფაიზერით“ მიმდინარეობს და უკვე 5 მილიონი ადამიანია აცრილი. მისივე თქმით, იყო გვერდითი რეაქციების შემთხვევებიც, მაგრამ ძალიან მსუბუქ ფორმებში და იშვიათად. აცრის შედეგად ლეტალობის ფაქტები კი საერთოდ არ დაფიქსირებულა. საკუთარ მაგალითზე ნათია ტურფაშვილი ამბობს, რომ მას მხოლოდ ნანემსარის წვა და გრიპის მაგვარი შეგრძნებები აღენიშნებოდა, რაც მალევე გაქრა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია ისრაელში ნებაყოფლობითია, თუმცა არიან დამსაქმებლები, რომლებიც თანამშრომლებისგან აცრის გაკეთებას ითხოვენ. ამასთან, ექიმის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავიდანვე ნდობით იყო განწყობილი ვაქცინაციის მიმართ და ისეთები, ვინც აცრის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან, უმცირესობაში არიან.  ტურფაშვილი ამბობს, რომ დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება სავალდებულოა, თუმცა ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულება, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაუქმდეს.

მედიკოსის ინფორმაციით, დახურულ დაწესებულებებში, მაგალითად თეატრებსა და კინოთეატრებში მხოლოდ აცრილ ადამიანებს უშვებენ, რასაც მოქალაქეები სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ადასტურებენ. სავაჭრო მოლებში დღემდე კონტროლდება მომხმარებლის რაოდენობა.

ნათია ტურფაშვილი პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს, როდესაც მის კლინიკაში განყოფილებების დიდი ნაწილი დაიკეტა და კოვიდ-მიმართულებებად გარდაიქმნა. ახლა კი ამბობს, რომ დღეს ქვეყანა ამ მდგომარეობისგან ძალიან შორსაა.

Businesspartner