საზოგადოება
13/01/2022

ჯიპიაი ჰოლდინგი: ოჯახის ექიმები ჯერჯერობით უძლებენ დატვირთვას, მომართვიანობა 50%-ით გაიზარდა

სადაზღვევო კომპანიებში ოჯახის ექიმების კონსულტაციებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. როგორც ჯიპიაი ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი jandacva.ge-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე მიმართვიანობა 50%-ითაა გაზრდილი, რასაც კომპანია ჯერჯერობით უმკლავდება.

„ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვემსახურებით მომხმარებლებს და ოჯახის ექიმები უძლებენ დატვირთვას. წინა წელს გავაორმაგეთ ჩვენი მომსახურების რესურსები – ქოლ-ცენტრი, ოჯახის ექიმები, რადგან მომართვიანობა ისედაც გაზრდილი იყო და ახლა კიდევ უფრო ველოდებით მატებას, რადგან ომიკრონის ტალღა ძირითადად ოჯახის ექიმებზე გადაივლის. ჩვენს ძირითად კლინიკა „კურაციოს“ დავამატეთ სხვა პროვაიდერები, რომ ოჯახის ექიმი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის. გვაქვს ელექტრონული პორტალი, სადაც შესაძლებელია დარეგისტრირება, გავაძლიერეთ ფეისბუქ-ჩეთის ფუნქცია, რათა დაზღვეულებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, სხვადასხვა არხით დაგვიკავშირდნენ,“- აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.

მისი თქმით, ომიკრონის ტალღა თავად სადაზღვევო კომპანიისა და კლინიკების თანამშრომლებზეც მოქმედებს, რადგან მათი და მათი ოჯახის წევრების დაინფიცირების შემთხვევაში, მკურნალობა ან იზოლაციაში გადასვლა უწევთ, რაც რესურსების მხრივ პრობლემას ქმნის.

„სადაზღვევო კომპანია ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს და ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა, თანამშრომლებმა მუშაობა დისტანციურად გააგრძელონ, თუმცა თუ ჯანმრთელობის მდგომარება რთულია, ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ასევე დაინფიცირების რისკი მაღალია მედპერსონალში, რის გამოც მათი დეფიციტიც იქმნება. მოსახლეობა რომ ოჯახის ექიმების კონსულტაციისა და ზოგადად სამედიცინო სერვისების მიღების პრობლემების წინაშე არ დადგეს, პასუხისმგებლობა თავადაც უნდა გაიაზროს და სიფრთხილის ყველა ზომა მიიღოს,“ – განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.

Businesspartner