საზოგადოება
29/07/2020

კახა კალაძე: გამოსავალი კერძო ტრანსპორტის საზოგადოებრივით ჩანაცვლებაა

სატრანსპორტო პოლიტიკა იყო განხილვის ძირითადი თემა თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქში არ არის შესაძლებლობა რომ ყველა გზა გაფართოვდეს და მოერგოს კერძო ავტომანქანებს. „ეს დამღუპველი იქნება,“ - განაცხადა ქალაქის მერმა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ბოლო პერიოდში  საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან განხილვის საგნად იქცა, თუმცა მუნიციპალიტეტი მზად არის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

„არასდროს გავურბივართ კითხვებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შეკითხვას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გავცეთ ამომწურავი პასუხები“.

მერი ამბობს, რომ რაც დღეს დედაქალაქში ხდება, ამის ასე გაგრძელება შეუძლებელია. კახა კალაძემ სტატისტიკა მოიშველია და აღნიშნა, რომ თბილისში დაახლოებით, 500 000 ავტომობილზე მეტი გადაადგილდება, ყოველწლიურად ახალი, შემოყვანილი ავტომანქანების რაოდენობა 5, 6 და 7%-ით იზრდება. „ეს ერთი მხრივ კარგია, ადამიანებს შესაძლებლობა უჩნდებათ ახალი ავტომობილი შეიძინონ. მეორე მხრივ, კი ეს ცუდია, რადგან ეს ქალაქი ავტომანქანების გარკვეულ რაოდენობას იტევს და უფრო მეტის შემთხვევაში, გადაადგილება შეუძლებელი იქნება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თითქოს, დედაქალაქის მერია თბილისში კერძო ავტომანქანებს კრძალავს, არ არის სწორი. კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.

„ახალს არაფერს ვიგონებთ, უბრალოდ ვიზიარებთ განვითარებულ დიდ ქალაქებში განხორციელებულ საუკეთესო პროექტებს. გამოსავალი არის ერთადერთი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტის გადაადგილების შემცირება", - განაცხადა კალაძემ და ტრანსპორტის სფეროში დაწყებული პროექტების მნიშვნელობაზე აღნიშნა, მათ შორის მეტროში ვაგონების განახლება, ავტობუსების პარკის გაახალგაზრდავება.

მერის თქმით, წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი გვეყოლება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის. მერმა ჭავჭავაძის გამზირის განახლებაზეც აღნიშნა - შეიქმნა კონკრეტული ადგილები ველობილიკებისთვის, სკუტერებით სასეირნოდ და სხვა.

"ზოგადად ჩვენი პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს კერძო ავტომობილით გადაადგილებას ვკრძალავთ. ჩვენ არ ვკრძალავთ და ვერც ავკრძალავთ. ჩვენ ხელი გვინდა შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ეტაპობრივად მოვახერხოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივანიჭოთ პრიორიტეტი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

Businesspartner