საზოგადოება
15/09/2021

კახა კალაძე: "ცენტრ პოინტის" მიერ ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს საკუთარ ფართს

"ცენტრ პოინტის" პრობლემა მოგვარებულია, ყველა დაზარალებული ოჯახი, ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ყველა ობიექტზე მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. 

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია არის იმის გარანტი, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში. 

“თბილისის მერიაში მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენმა გუნდმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება მიეღო გადაწყვეტილებები დაუსრულებული ობიექტებისთვის და დაეშვა გამონაკლისები. კომისიამ განიხილა 50-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა და დააკმაყოფილა 30-ზე მეტი მოთხოვნა, მათ შორის ისეთები, როგორიცაა "სვეტი", "ოლიმპიური ვარსკვლავი", "აქსისი" და სხვა წლობით დაუსრულებელი ობიექტები. ათასობით ოჯახს დაუბრუნდა იმედი და საკუთრება, თუმცა პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ "ცენტრ პოინტის" პრობლემა თავისი სირთულით და მასშტაბით უპრეცედენტოა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემებს, თუმცა საბედნიეროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემებში ეძებენ შესაძლებლობებს და ზუსტად ასეთი გუნდი ვართ ჩვენ. 

ჩვენ როდესაც სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებულების პრობლემა მოვაგვარეთ, ჩემს გამოსვლაში ვთქვი ასეთი რამ და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი“,- განაცხადა თბილისის მერმა და აქვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ რჩება პატარა კომპანიების მიერ დაზარალებული ოჯახები. 

“ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და ამ ადამიანებსაც დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ფართებით. არცერთი ადამიანი უბინაოდ არ დარჩება“,- აღნიშნა კახა კალაძემ.  

Businesspartner