საზოგადოება
12/10/2021

კახა კუჭავა: ავარიულ შენობებზე ზედამხედველობა გასამკაცრებელია

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ შესამუშავებელია კანონპროექტი, რომელიც ავარიულ შენობებზე ზედამხედველობას გაამკაცრებს. 

მისი თქმით, ავარიული შენობების პრობლემა არა მარტო თბილისში, სხვა დიდ ქალაქებშიც ბევრია და სასურველია, დროული რეაგირება მოხდეს. 

„პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო თითოეულ ოჯახს, თითოეულ ბათუმელს და მთელ საქართველოს. ეს ჩვენთვის დიდი დანაკარგია. რთულია, სიტყვებით გამოვხატოთ ის წუხილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია. მთავრობამ გააკეთა განცხადებები, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს დაეხმარონ. გუშინ ასევე მოვისმინე, რომ მერიაში უკვე 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება, შესწავლა, მეც მივიღე  წერილები და შესაბამისად  გადავამისამართე, რათა  მოხდეს რეაგირება ყველა ავარიულ შენობაზე.

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რომ ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში ბევრგან არის და სასურველია, ჩვენი მხრიდანაც იყოს შესაბამისი და დროული რეაგირება“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

Businesspartner