საზოგადოება
01/10/2020

ქართველი ჯარისკაცებისთვის ფორმა "დელტას" დაფუძნებულ სამკერვალოში შეიკერება

დღეიდან თავდაცვის ძალებს ახალი სამკერვალო ფაბრიკა მოემსახურება.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დააფუძნა "დელტა ტექსტილი“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, თავის მხრივ, "დელტა ტექსტილი" ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე ტექსტილის მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილის მფლობელი გახდა.

სამკერვალო ფაბრიკა  თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი.

ადგილზე  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომსახურე პირებისთვის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის, ყველა სახის სანივთე საქონლის სერიული წარმოება.

„პროექტი საშუალებას მოგვცემს, ხარჯების ეკონომიით მივიღოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ასევე, გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა. "დელტას" სამკერვალო ფაბრიკაში იტალიელი დიზაინერებისა და ინსტრუქტორების მიერ მომზადებული 360 პროფესიონალი მკერავი მუშაობს“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

 

Businesspartner