საზოგადოება
29/07/2021

"კავკასუს ონლაინში" 3 თვის შემდეგ ისევ ახალი სპეცმმართველი დაინიშნა

მარეგულირებელმა „კავკასუს ონლაინის“ სპეცმმართველი 3 თვის შემდეგ ისევ შეცვალა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი თამარ ბოკუჩავა თამთა ტეფნაძემ ჩაანაცვლა. ეს „კავკასუს ონლაინში“ უკვე მე–3 ცვლილებაა მას შემდეგ, რაც კომისიაში სპეცმმართველი დაინიშნა.

კომისიის გადაწყვეტილებით, თამთა ტეფნაძე აკმაყოფილებს კომისიის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებს და აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. 

პირველად "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველად მარიამ სულაბერიძე გასულ წელს დაინიშნა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიის 49% კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისდა. თუმცა იმ დრომდე, ვიდრე სულაბერიძე საქმიანობას შეუდგებოდა, აღმოჩნდა, რომ 2020 წლის აგვისტოში, კომპანიაში წილი 100%-მდე შეივსო Neqsol Holding-მა. ეს კომპანია აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ნასიბ ჰასანოვს ეკუთვნის.

„ნასიბ ჰასანოვმა რამდენიმე სასამართლო დავის პარალელურად „კავკასუს ონლაინის“ 51%-იც დარღვევით შეიძინა და დღეს 100%-ის უკანონო მფლობელია“, - მიიჩნევს კომუნიკაციების კომისია.

კომისია კომპანიისგან „კავკასუს ონლაინის“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს. უკვე 2 წელია არაერთგზის სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა.

 

Businesspartner