საზოგადოება
02/06/2021

კინომწარმოებლები პროგრამის "გადაიღე საქართველოში" გაგრძელებას ითხოვენ

კინომწარმოებლები ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ და პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ გაგრძელებას ითხოვენ.

როგორც კინომწარმოებელ კომპანიათა გაერთიანება Filmmaker-ში აცხადებენ, 2019 წლამდე, სანამ საქართველოში კინომწარმოებლები cash rebate-ს პროგრამით სარგებლობდნენ 22 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, შედეგად ქვეყანაში 100 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა და 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდა.

„გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ქვეყანაში მოქმედებდა cash rebate-ს პროგრამა, რომელიც 2019 წლის შემდეგ შეჩერებულია. წელიწადნახევარია მიმდინარეობს საუბრები ეკონომიკის სამინისტროსთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. ამ დროს მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კინოინდუსტრიას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და ინვესტიციების მოზიდვის რეალური რესურსი. კინოწარმოება შეიძლება იყოს ერთ-ერთი საყრდენი ქვეყნის ეკონომიკის. ისეთივე როგორიც არის ტურიზმი,“ - აღნიშნა აკო მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, კინოწარმოებას მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიციის მოზიდვა შეუძლია.

„საქართველოს მიმართ ახლაც ძალიან დიდი ინტერესია, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტულები იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც „ქეშ რიბეითის“ პროგრამა ახლაც არსებობს. ბევრი ქვეყანა უბრალოდ არც განიხილავს ისეთ ქვეყანაში შესვლას და გადაღებას სადაც ამ ტიპის პროგრამა არ ხორციელდება. სამწუხაროა, რომ ჩვენ უკვე სამოცი მილიონი ლარის ზარალი მივიღეთ რადგან პროექტები, რომლებზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, საქართველოში ვეღარ განხორციელდა. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გვინდა სამუშაო შეხვედრა გავმართოთ ეკონომიკის სამინისტროსთან და მივიღოთ პასუხი, რომ ეს პროგრამა გაგრძელდება და ეს იქნება დროული. გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მსოფლიო კინოწარმოების დედაქალაქი,“ - აღნიშნა კინომწარმოებელმა.

მისივე განმარტებით, არც ერთი ქვეყანა, მათ შორის არც აზიური ქვეყნები, რომლებიც დასავლურ ქვეყნებზე მეტ ფილმს აწარმოებენ, არც განიხილავენ ისეთ ქვეყნებთან თანამშრომლობას სადაც cash rebate არ მოქმედებს.

„გასაგებია ის სილამაზე და პირობები რაც გვაქვს, მაგრამ საუბარი იწყება cash rebate-ით. მთელ კინოინდუსტრიაში არსებობს ამ ტიპის მხარდამჭერი პროგრამები. მარტივად რომ ვთქვათ თუ ინვესტორი შემოიტანს ქვეყანაში მილიონ ლარს, 200-250 ათასი ლარი უბრუნდება უკან, გადახდილი გადასახადებიდან. ეს არის ბიზნესინსტრუმენტი, რომლითაც იზიდავ ინვესტორს. მაგალითად, თუ არის საქართველო და სერბეთი, ინვესტორს ურჩევნია წავიდეს სერბეთში, სადაც უკან დაუბრუნდება თანხის ნაწილი, ვიდრე ჩამოვიდეს საქართველოში და იმუშაოს ჩვენთან ერთად,“ - განაცხადა აკო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ 2016 წლიდან მოქმედებდა და 2019 წელს შეჩერდა. პროგრამის ოფიციალურ გვერდზე კი წერია, რომ მიმდინარეობს პროგრამის რედიზაინი.

Businesspartner