საზოგადოება
27/07/2021

ლევან დავითაშვილი: UNESCO-ს აღიარება ქმნის უდიდეს შესაძლებლობებს

UNESCO-ს მიერ საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის აღიარება საქართველოს პასუხისმგებლობას ანიჭებს და ამავდროულად შანსს აძლევს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, UNESCO-ს გადაწვეტილება ნიშნავს, რომ ქართული ბუნება მსოფლიოს მიერ არის აღიარებული და განსაკუთრებული პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ მოქალაქეს ბუნების უნიკალური უბნის შენარჩუნებისთვის, ასევე ქმნის დიდ შესაძლებლობებს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების და ტურიზმის განვითარებისთვის.

“პირველად ისტორიაში და სამხრეთ კავკასიაში, ქართული ბუნების უნიკალური ნაწილი UNESCO-ს მემკვიდრეობად იქნა აღიარებული. მინდა თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ეს დიდი წარმატება და მადლობა გადავუხადო ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს, პარტნიორებს, რომლებიც მუშაობდნენ ჩვენთან ერთად, რომ ეს შედეგი მიგვეღო. რა თქმა უნდა, უდიდესი როლი ითამაშეს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რომელთა შეფასებაც UNESCO-მ გაითვალისწინა. საქართველო ამ გადაწვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე, რაც ჩვენი ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას უწყობს ხელს.“– ამბობს, ლევან დავითაშვილი.

მისივე თქმით, ასეთი უნიკალური ძეგლები დასახლებულ პუნქტებში არ არის ხოლმე წარმოდგენილი და როგორც წესი მოშორებითაა. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არის ჰარმონიაში იმ დიდ ქალაქებთან და დასახლებებთან როგორიცაა, ქობულეთი, ფოთი და ა.შ.

“ამ დროს უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ ბუნებაზე, დავიცვათ და სწორად განვვითარდეთ. ამასთანავე, UNESCO-ს აღიარება ხელს შეუწყობს ადგილობრივ მაცხოვრებლებს ქონდეთ მეტი შემოსავალი, რადგან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ეკოტურიზმის განვითარებისთვის. სამინისტრო მუდმივად მუშაობს ეკოტურიზმის განვითარებაზე. იმედი გვაქვს, მომავალ წლებში არა თუ აღვადგენთ იმ რიცხვებს, რაც გვქონდა ეკოტურიზმის მიმართულებით, არამედ ჩვენი მიზანია მომდევნო წლებში 8 მლნ ვიზიტორი ყავდეს დაცულ ტერიტორიებს.”-აცხადებს, სოფლის მეურნეობის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია: კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ასევე, UNESCO-ში დაცულია ისეთი მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, როგორიცაა: ზემო სვანეთი, მცხეთის ძეგელბი, ბაგრატის ტაძარი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები