საზოგადოება
12/08/2020

მარიამ ქვრივიშვილი სვანეთში მყოფებს ცხელი ხაზით სარგებლობისკენ მოუწოდებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ყველას, ვინც ახლა სვანეთში იმყოფება, მოუწოდებს, რომ მათი აღრიცხვის მიზნით ცხელი ხაზით ისარგებლონ. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა დღეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს ვინც ახლა სვანეთში იმყოფება, ისარგებლონ ცხელი ხაზით - 144, დაუკავშირდნენ ამ ნომერს, აღირიცხონ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თითოეულ მათგანთან პირდაპირ კონტაქტზე იქნება, რათა მოხდეს მათი კარანტინში ორგანიზებულად გადაყვანა, თუ საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ყველას ვეხმიანებით.

დღევანდელი მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ თითოეულ ადამიანთან, ვინც დაუკავშირდა ცხელ ხაზს 144, შედგა კომუნიკაცია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მათგანი იქნება დღის ბოლომდე საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს საკმაოდ რთულად სამართავი პროცესია, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ის წარმატებულად მიმდინარეობს. „საკარანტინო პროექტის ფარგლებში გრძელდება საქართველოს სასაზღვრო, სახმელეთო საზღვრებიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიღება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ოპტიმალურად გამოვიყენოთ საკარანტინო სივრცეები“, - განაცხადა მან.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ყაზბეგში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. მისი ინფორმაციით, ყაზბეგში არ შეინიშნება საგანგაშო მდგომარეობა, მიუხედავად კორონავირუსის დაფიქსირებული რამდენიმე შემთხვევისა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპისთვის არ არის ისეთი სიტუაცია, რომელმაც შესაძლოა რეგიონის ჩაკეტვა განაპირობოს, ამისი არანაირი გეგმა არ არსებობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები