საზოგადოება
07/07/2020

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდება

მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. პროექტი გერმანიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

დევნილ ოჯახებს, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ 31 სახლი გადაეცემათ. გარდა მარნეულისა, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ კი დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებასაც ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან,დევნილთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება მოინახულა.

Businesspartner