საზოგადოება
12/08/2020

მერია დამატებით 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მეტროსადგურებზე „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, თუმცა დამატებით ათ სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება. 

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გამოცხადებულია ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვაზე, უახლოეს მომავალში კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. 

მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

„პროექტის ფარგლებში განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს. ორივე სადგურზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ გამოცხადდება ტენდერები აღნიშნული სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ათი მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

 

Businesspartner