საზოგადოება
13/10/2021

მერია ვერის ბაღის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერიამ, აზიის ბანკთან თანამშრომლობით, ვერის ბაღის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო. 

"ვერის ბაღის თანამონაწილეობითი დაგეგმარება საუკეთესო პრეცედენტი იქნება სხვა მწვანე სივრცეების სწორი განვითარებისთვის, მოქალაქეთა ინტეგრაციისა და ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობისთვის. პირველი პროექტია, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები თანამონაწილეობას იღებენ ასეთი პროექტების განხორციელებაში", - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე მოხდება დაგეგმარება, შემდეგ კი, პროექტის განხორციელება.  

მისი განცხადებით, ვერის ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად პირვანდელი სახე შენარჩუნდება. 

"ვერის ბაღი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული სარეკრეაციო სივრცეა, საჭიროებს სრულ განახლებას. არსებული მდგომარეობა ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა წინასაპროექტო კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი და შემდეგ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ვერის ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად აქ განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პირვანდელი სახე. თუმცა, ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა მწვანე სივრცეები - ახალი ხე-მცენარებით, სარწყავი სისტემებით. დარწმუნებული ვარ, ესეც ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი იქნება, ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება დასვენების და გართობის შესაძლებლობა", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელება 700 000 ლარი ჯდება.  

"10-12 თვე დასჭირდება პროექტის შემუშავებას, შემდეგ დავიწყებთ მის განხორციელებას", - განაცხადა კახა კალაძემ. 

Businesspartner