საზოგადოება
10/08/2020

მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვები წესდება

ბოლო ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში COVID- 19-ზე აღებული 30 სინჯიდან ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა. ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

იზღუდება გადაადგილება, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.შესვლა-გასვლას პოლიცია გააკონტროლებს.

ამასთან, გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორისაც. ტერიტორიაზე ფუნქიონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნებათ.თავშეყრის ადგილებზე დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენის დაცვა მკაცრად გაკონტროლდება. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება.

გარდა ამისა, კოვიდ 19-ის ფართო გავრცელების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე კი, ვინც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის. ადგილზე შექმნილია რეგიონალური საბჭოც, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფს.

Businesspartner