საზოგადოება
01/12/2021

მიხეილ ჩხენკელი: ყველა სკოლა ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით გაივლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირველად ქართული განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით გაივლის, რაც ზოგადი განათლების ხარისხს გააუმჯობესებს და უზრუნველყოფის ხარისხის მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას. პროცესი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

"გრძელდება ინტენსიური მუშაობა სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

2012 წლიდან დღემდე 174 აშენდა, ხოლო სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს 64 სკოლა აშენდა და ამდენივეს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. სკოლებში ეწყობა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. შენება-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება და 2026 წლისთვის, საქართველოში, ყველა სკოლა სრულად გამართული იქნება.”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

Businesspartner