საზოგადოება
18/05/2022

მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება

მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო, ამ მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომზადებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000-დან 10 000 ლარამდე.

მისივე თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შეიცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი, ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება.

"რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვერ დგინდება უნებართვოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, ამ შემთხვევაში, ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. 

გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებლობის დროს ნარგავებს ჭრიან წინასწარ ან აფუჭებენ. შემდეგ მოდიან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა და არ მიეცემათ პირებს მშენებლობის უფლება, სადაც მწვანე ნარგავი წინასწარ დაზიანებული ან მოჭრილი იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებითაც გამკაცრდება კანონმდებლობა. კერძოდ, თუ ექსპერტი წარმოადგენს არასწორ დასკვნას, იგი დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარასდროს გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner