საზოგადოება
20/05/2022

ნინა კობახიძე: წლის ბოლომდე DRG სისტემაზე სრული მოცულობით გადასვლა შეუძლებელი იქნება

წლის ბოლომდე სრული მოცულობით DRG სისტემაზე გადასვლა შეუძლებელი იქნება, - ასე აფასებს კლინიკების ტარიფების ინდექსაციის ახალ მოდელზე გადასვლის საკითხს "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ნინა კობახიძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, რომ თავის არსით DRG იმდენად კომპლექსური, ფართო და გრძელვადიანი კომპონენტია, რომელიც მთელ რიგ ანალიტიკს და სტატისტიკას საჭიროებს. 

"არიან კლინიკები, რომლებიც 2011 წლის სატარიფო გეგმით ოპერირებენ და კლინიკები, რომლებიც 2019-2020 და 2022 წლის ტარიფიკაციით მოქმედებენ, რაც უთანასწორო და შეუსაბამოა, ამასთან არასამართლიანია ანაზღაურებები კლინიკებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ, კომუნიკაცია გვაქვს უწყებასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ხარისხის აწევასთან ერთად, გაიზარდოს ტარიფებიც. ზოგადად, ქვეყანამ უნდა განსაზღვროს დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის მატარებელი კომპონენტები, როდესაც ჯანდაცვის სექტორის მონიტორინგს განახორციელებს. სახელმწიფომ რეგიონების დონეზე დეტალურად უნდა შეისწავლოს თუ როგორ ფინანსდება და რესურსი აქვს სამედიცინო სექტორს.

სახელმწიფოს თუ სადმე ნაკლოვანება შეიძლება ქონდეს, ეს არის საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიტიკა, რადგან არ არსებობს ერთიანი ელექტრონული სისტემა, სადაც განთავსებულია ჯანდაცვაზე ინფორმაცია მოქალაქის დაბადებიდან დაწყებული," - აღნიშნავს ნინა კობახიძე.

მისივე თქმით, DRG მოდელის მიმართ ჯანდაცვის უწყების განწყობა პოზიტიურია, თანამშრომლობისთვის მზაობა ნამდვილად არსებობს, თუმცა მიდის ამ საკითხის შესწავლა.

"უფრო მეტად განცდა მაქვს, რომ ანალიტიკის, კვლევების და 2 წლიანი პანდემიის გამო, არ უნდათ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, რეანიმაციული საწოლების თემა გადასახედია, რაც შეიძლება სწრაფად. შეუძლებელია 100-150 ლარად მოქალაქემ კარდიოლოგია-რეანიმაციის მომსახურება ხარისხიანად მიიღოს. სჯობს ტენდერის საფუძველზე შეირჩეს ის კლინიკები, რომლებსაც ამის საშუალება და რესურსი აქვთ, თუმცა ისიც მესმის, რომ შესაძლოა სახელმწიფო ჩიხში აღმოჩნდეს, რადგან ტენდერში მონაწილეობა შეიძლება 5-6 კლინიკამ მიიღოს და უამრავმა მოქალაქემ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა დაკარგოს.

ჩვენ მივესალმებით, თუ ყველაფერი იქნება ხარისხიანი. როდესაც კლინიკას აქვს მითითება, თუ როგორ უნდა აწიოს ხარისხი და თანაც სახელმწიფო ამაში გადაიხდის კონკრეტულ თანხას, რა თქმა უნდა, ყველა კვალიფიციური კერძო თუ სახელმწიფო კლინიკა მზად იქნება ამისთვის. ეს იქნება სამართლიანი დოკიდებულება და მაგალითად, მოქალაქე არ შეიზღუდება რომელიმე ექიმთან მომსახურების მიღებისას. ექიმი თავისი სერვისის ღირებულებას თვითონ ადგენს, ასე რომ რაღაც ჩაკეტვები და აკრძალვები საბოლოო ჯამში მოქალაქეს დააზიანებს.- ამბობს, "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

Businesspartner