საზოგადოება
16/01/2021

ნიუტონის სკოლა: კერძო სკოლები შესაძლოა ინდივიდუალური მიდგომით გაიხსნას

ნიუტონის თავისუფალი სკოლის დირექტორი გიორგი მელაძე მთავრობას რეკომენდაციას აძლევს და აცხადებს, რომ განათლების სისტემა უნდა იყოს პრიორტეტი, ისე, როგორც ეს ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.

„როდესაც სწავლის განახლებაზე და სკოლების გახსნაზეა საუბარი, მე მგონი ამის საშუალება უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით კერძო სკოლებს. ჩვენ მაგალითად, ზაფხულში საკმაოდ კარგად მოვემზადეთ, დაწყებული თერმოსკრინინგის კამერებიდან ყველანაირი უსაფრთხოების ზომებით დასრულებული. ზოგიერთი სკოლა უფრო მეტადაა მომზადებული და ზოგიერთი- ნაკლებად. ამიტომ მიმაჩნია, რომ მთავრობის მხრიდან მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს და ვფიქრობ, დიფერენცირებული მიდგომა პროცესს მოაგვარებს,“ - აცხადებს გიორგი მელაძე.

როგორც მელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, ონლაინ სწავლება პატარა ასაკში არაეფექტურია. ეკონომიკური კუთხით, კი  ონლაინ სწავლება სკოლის შემოსავლებს ძალიან ურტყამს და აზარალებს.

„ჩვენს სკოლაში დისტანციური სწავლების დროს სწავლის გადასახადი დაახლოებით 30%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, მასწავლებელთა ხელფასი არ შემცირებულა. ამას ემატება გაუფასურებული ლარი. მაგალითად, ახლა მოვრჩით ახალი შენობის აშენებას, რემონტს, სადაც ხარჯები მთლიანად ვალუტაშია. ეს ყველაფერი წნეხია. ვიცი, შედარებით მცირე ზომის სკოლა და ბაღი, რომელიც თითქმის გაკოტრების პირასაა,“ - აცხადებს გიორგი მელაძე.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ნიუტონის სკოლაში სწავლის საფასური პირველ კლასში  7200 ლარია.

შეგახსენებთ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სამთავრობო გუნდს უჭირს იმის პროგნოზირება, როდის გაიხსნება სკოლები.

„ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან ყველა ის საჭირო პირობა იქნება უზრუნველყოფილი, რომ უსაფრთხოდ მიიღონ ბავშვები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

Businesspartner