საზოგადოება
13/09/2021

ონლაინ სწავლება საკანცელარიო მაღაზიებს რეალიზაციას უმცირებს

საკანცელარიო ნივთები გაძვირდა, მაღაზიებს კი რეალიზაციის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. სკოლის დაწყების მოახლოების მიუხედავად, სასწავლო ინვენტარზე მოთხოვნა ჯერჯერობით ძალიან დაბალია. სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ვაჭრობა თანდათან გააქტიურდება, მაგრამ არ აქვთ მოლოდინი რომ გაყიდვები თუნდაც გასული წლის მაჩვენებლებს გაუთანაბრდება.

როგორც „ბიბლუსის“ გენერალური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, გაყიდვებზე სწავლის დისტანციურად დაწყების პროცესიც უარყოფითად აისახება.

„გაურკვევლობის გამო, ის დიდი სასკოლო სამზადისი რაც აგვისტოს დასაწყისში იწყებოდა და სექტემბერში ზოგიერთი პროდუქტი უკვე დეფიციტშიც კი იყო, ჯერ არც დაწყებულა. ბაზარი, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა სწავლის დაწყების თარიღი ცოტა გამოცოცხლდა, ხალხმა გაიგო რა საჭიროება შეიძლება ქონდეს, მაგრამ დისტანციური სწავლების ნაწილი გაყიდვებზე მაინც ცუდად მოქმედებს. გვაქვს გარკვეული პროგნოზები, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ რეალურად 4 ოქტომბერს გაიხსნება სკოლები, ველოდებით სეზონის ერთგვარ გადავადებას და გაყიდვების დიდი კლების მოლოდინი არ გვაქვს. აქცენტები ბაზრის დინამიკის შენარჩუნებაზე უფრო გვაქვს ვიდრე მომგებიანობის ნაწილზე,“ - განმარტა ირაკლი გაგნიძემ.

მისივე განმარტებით, ლარის კურსის გაუფასურებისა და საოპერაციო თუ სხვა ხარჯების მნიშვნელოვნად მატების გამო საკანცელარიო ნივთები საშუალოდ 15%-ით გაძვირდა.

„ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ფასების მატება ყოფილიყო მინიმალური და ზოგიერთ პროდუქციას არც შეხებოდა, თუმცა არსებული მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე გარკვეული ფასნამატის გაკეთება ჩვენც მოგვიხდა,“- განმარტა ირაკლი გაგნიძემ.

Businesspartner