საზოგადოება
07/11/2020

ორშაბათიდან დიდ ქალაქებში ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდება

საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილება 9 ნოემბრიდან შეიზღუდება, - ახლია რეგულაციები უწყებათშორისმა კომისიამ ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით მიიღო.

შეზღუდვები 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ამოქმედდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში, ფოთში. იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.

არის გამონაკლიებიც, შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე.

ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.

ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, მათ შორის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს.

 

Businesspartner