საზოგადოება
07/10/2020

პანდემიის გამო განათლებაში მნიშვნელოვანი დანაკარგია - მსოფლიო ბანკი

პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია განათლებასა და ჯანდაცვაზე, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ბოლო ანგარიშში, რომელიც 7 ოქტომბერს გამოაქვეყნდა.

ბანკის გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვირუსით უკვე ათასობით ადამიანი გარდაიცვალა და გადარჩენილი ადამიანების ჯანმრთელობას გრძელვადიანი ზიანი მიადგა.

"სკოლების დახურვას შეიძლება დანაკარგები მოჰყვეს სწავლის მიმართულებით, რაც სასწავლო წლის ერთი მესამედის ან სრული სასწავლო წლის ეკვივალენტურია. აღნიშნული სავარაუდოდ გაამწვავებს უთანასწორობას სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე არაპროპორციული ზემოქმედებით", - ნათქვამია საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშში.

იქვე მითითებულია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდა და მასზე წვდომის გაუმჯობესება, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანების ჯანმრთელობის წინაშე არსებული რისკფაქტორების შესუსტება გადამწყვეტია რეგიონის მდგრადი აღდგენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ქვეყნები შედარებით კარგ საბაზისო განათლებას და ჯანდაცვას უზრუნველყოფენ, რაც  მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით შეფასდა, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ფიზიკური პირების და ქვეყნების დასახმარებლად მომავალში წარმატების მიღწევის მიზნით.

„უბრალოდ გადარჩენა და საბაზისო განათლების მიღება საკმარისი არ არის. ზრდასრული ადამიანი უნდა იყოს ჯანმრთელი, აქტიური და პროდუქტიული თავისი სიცოცხლის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის წინაშე არსებული ისეთი რისკების შემცირება, როგორებიცაა სიმსუქნე, მოწევა და ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობის მიღება, რომლებიც საფრთხეს უქმნის აქტიურ და პროდუქტიულ დაბერებას. ასევე არსებითია უმაღლესი სასწავლებლების მიერ სტუდენტების მომზადება დღევანდელი შრომითი ბაზრის გამოწვევებისთვის,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ - კუნტმა. 

მსოფლიო ბანკი სტატისტიკასაც აქვეყნებს, რომლის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით  მოსახლეობის 18%-ზე მეტი ჭარბი წონის მქონეა, დაახლოებით 23% კი დიდი რაოდენობით მოიხმარს სპირტიან სასმელებს და თითქმის 26% აქტიური მწეველია.

"ჯანმრთელობის წინაშე არსებული ეს რისკები განსაკუთრებით მაღალია აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთში, სადაც სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა ასევე უდაბლესია რეგიონში. აღნიშნული რისკების გავრცელება ზრდის არა მარტო გულსისხლძარღვთა დაავადებების ალბათობას, არამედ სიკვდილიანობას და COVID-19 -ის მსგავსი ინფექციური დაავადებებით გამოწვეულ სერიოზულ გართულებებს", - აღნიშნულია ანაგრიშში.

ხარისხიანი უმაღლესი განათლება უმნიშვნელოვანესია ადამიანებისთვის  სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უწყვეტი მიგრაციის მიუხედავად, ასევე ხელს შეუწყობს მაღალი დონის უნარ-ჩვევების მქონე შრომითი რესურსების შენარჩუნებას.

Businesspartner