საზოგადოება
27/10/2020

"პრაქტიკული და ონლაინ სწავლების სწორი კომბინირებით, განათლებაში შესაძლოა ნაკლები დანაკარგი მივიღოთ"

პანდემიის გავლენა განათლების სფეროზეც აისახა. როგორც "ჯიპას" კანცლერმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ონლაინ სწავლება განათლების დონეზე სფეროების მიხედვით აისახება.

გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, არსებობს სფეროები, სადაც შესაძლებელია სწავლება სრულად დისტანციურად გაგრძელდეს, თუმცა ისეთი მიმართულებების შემთხვევაში, სადაც ლაბორატორიული/პრაქტიკული მუშაობა აუცილებელი პირობაა ონლაინ სწავლების გაგრძელებამ, შესაძლოა, სათანადო ხარისხი ვერ უზრუნველყოს.

იმისათვის, რომ განათლების სფეროში ნაკლები დანაკარგები მივიღოთ, გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, საჭიროა სწორი დიფერენციაცია სფეროების მიხედვით.

"დიფერენციაცია არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, სადაც არის ფოტო-ვიზუალური ხელოვნება, ძალიან მნიშვნელოვანია ლექტორსა და სტუდენტებს შორის პირისპირ ურთიერთობა, მაგრამ მაგალითად, ეკონომიკის საფუძვლების, მენეჯმენტისა და ა. შ. შემთხვევაში ონლაინ სწავლება სრულიად შესაძლებელია," - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

"ჯიპას" კანცლერის შეფასებით, პროფესიული სასწავლებლების შემთხვევაში უფრო რთულად დგას. რაც შეეხება, სოციალურ სტატუსს, გიორგი აბაშიშვილის თქმით, ეს ის საკითხია, სადაც სახელმწიფოს მეტი მზრუნველობის გამოჩენა მართებს.

"ონლაინ სწავლების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იქნება ეს ტექნიკური დახმარება - ინტერნეტითა თუ ტექნიკით უზრუნველოფა არის მნიშვნელოვანი," - ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბრის ანგარიშში მსოფლიო ბანკი შეშფოთებას გამოთქვამს პანდემიის გამო განათლების სფეროში შესაძლო დანაკარგთან დაკავშირებით.

ანგარიშში მითითებულია, რომ სკოლების დახურვას შეიძლება დანაკარგები მოჰყვეს სწავლის მიმართულებით, რაც სასწავლო წლის ერთი მესამედის ან სრული სასწავლო წლის ეკვივალენტურია. "აღნიშნული სავარაუდოდ გაამწვავებს უთანასწორობას სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე არაპროპორციული ზემოქმედებით", - ნათქვამია საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშში.

Businesspartner