საზოგადოება
15/09/2021

პრემიერი: "დელტა ტექსტილის" შექმნამ ხარისხის და მოწოდების პრობლემა აღმოფხვრა

"დელტა ტექსტილი" წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, "დელტა ტექსტილის" შექმნამდე, წლების განმავლობაში იყო ხარისხის და მიწოდების პრობლემა. ახლა კი, ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია. 

"დელტა ტექსტილი" ძალიან წარმატებული პროექტია. ეს პროექტი 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს ვხედავთ, რომ სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება. ყველაფერი იკერება ამ ფაბრიკაში. 450-მდე თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც მქნიან ამ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას ჩვენი საამაყო ჯარისთვის. 

რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენ უცხოეთში შეკვეთები აღარ გვაქვს. მანამდე, წლების განმავლობაში ხარისხის და ზოგადად მოწოდების პრობლემა იყო, ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია. 

გარდა ამისა, დაახლოებით 20-30%-ის ეკონომიაც გვაქვს. რა თქმა უნდა ჩვენ თვითღირებულებაში ვუკერავთ ამ ყველაფერს ჩვენს ჯარს",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

"დელტა ტექსტილი" 2020 წელს დაფუძნდა, რათა თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი და ეკიპირება საქართველოში შეიკეროს. 

მთავრობის ინფორმაციით, თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით აღჭურვილ ფაბრიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები იკერება. აქვე მიმდინარეობს საბძოლო ეკიპირების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, საპატრულო ჩანთების, საველე ჩანთების, სანივთე ტმრების, თეთრეულის და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება. 

Businesspartner