საზოგადოება
24/06/2022

პრემიერი: ევროპის დავალებაა პოლარიზების დასრულება, ამას ოპოზიციის გარეშე ვერ გავაკეთებთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ევროკავშირის დავალება ერთად შეასრულონ და ქვეყანაში პოლარიზება დასრულდეს. 

მისი თქმით, როგორც კი ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შესრულდება, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.  

"ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენი განსახორციელებელია, მოკლე დროში შევასრულებთ. რაც შეეხება პირველ პრიორიტეტს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მათ შორის პოლიტიკურ ძალებში არ იყოს ჩხუბი და ერთმანეთის შეურაცხყოფა, აქ ნაწილობრივ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ნაწილი ოპოზიციის ვალდებულება. მათ გარეშე ამ პირობას ვერ შევასრულებთ. ჩვენ ყოველთვის ვართ მოწოდებული კონსტრუქციული დიალოგისთვის. დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ყველაფერზე მაღლა. ჩვენ ყველაფერს მოკლე დროში გავაკეთებთ, რაც ჩვენი გასაკეთებელია, დანარჩენი მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსზე წარდგენილ სამ ქვეყანას შორის, გატარებული რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ყველაზე წინ არის. თუმცა, სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ საჩუქრად მიიღეს. პირობები, საქართველოსთან ერთად, მათაც განესაზღვრათ.   

"უკრაინამ და მოლდოვამ ევროსაბჭოსგან საჩუქარი მიიღეს. პირობები მათაც განესაზღვრათ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩვენ საჩუქარი არ მიგვიღია. ორაზროვნების გარეშე გაკეთებული განმარტებები მივიღეთ, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მისცეს, რადგან ომშია. მოლდოვას კი ბევრი პრობლემა აქვს - ეკონომიკური გამოწვევები, უსაფრთხოებს გამოწვევები, უამრავი რეფორმა აქვთ გასატარებელი, მათ შორის, საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ჩვენ გასულ საუკუნეში დავასრულეთ. ჩვენ ბევრად წინ ვართ. გაკეთდა ძალიან მკაფიო განმარტება, რომ საქართველოს მიეცემა სტატუსი, როგორც კი შეასრულებს მათ მიერ განსაზღვრულ პირობებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Businesspartner