საზოგადოება
16/09/2021

ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ყავს

ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაზე გაერთიანების გუნდთან ერთად ნატა ფედოსეევა იზრუნებს.

შეგახსენებთ, რომ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით  მარტში დაფუძნდა.

გაერთიანების მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და კულტურული ურთიერთობის გაღრმავების გარდა, გაერთიანების წევრი სუბიექტების ინტერესების ადვოკატირება და მათი ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობა წარმოადგენს.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებლები არიან: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია და GK Logistics. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით ჯამში 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება. 

გაერთიანებას უხელმძღვანელებს ნატა ფედოსეევა, 17-წლიანი სამუშაო გამოცდილებით მენეჯერულ პოზიციებზე სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა  საბანკო, სამედიცინო, პროექტების მართვა, ქონსალთინგი და სხვა.

„ორი ქვეყნის ურთიერთობების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, თუ არ ჩავთვლით ზოგად ინფორმაციას ყაზახეთზე, მსხვილ ყაზახურ ინვესტიციებს საქართველოში და ყაზახი ტურისტების საკმაოდ ინტენსიურ ნაკადებს. რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებ ყაზახეთზე და მეტი ურთიერთობა მაქვს ყაზახებთან, მით უფრო ვრწმუნდები, რომ საკმაოდ, ახლოს არიან ჩვენთან", - აღნიშნავს გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი და მიაჩნია, რომ მის კარიერულ ცხოვრებაში ახალი და მეტად საინტერესო გამოწვევები დაიწყო.

„ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია ბევრი მიმართულებით - სავაჭრო, ტურისტული, საინვესტიციო, კულტურული და სხვა. მჯერა, რომ ქვეყნისთვის და ბიზნესისთვის კარგ საქმეებს გავაკეთებთ. გაერთიანების მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სწორი კომუნიკაცია ე.წ. ნეთვორქინგი, ამდენად, ჩვენი ძირითადი აქტივობები მიმართული იქნება ქვეყნების და მათი პოტენციალის ერთმანეთში პოპულარიზაციასა და მიზნობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე, როგორიცაა ფორუმები, ექსპოები, საქმიანი შეხვედრები, კულტურული ღონისძიებები და სხვა,“ - განმარტავს ნატა ფედოსეევა.

როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, საწყის ეტაპზე, დაგეგმილია  შეხვედრების სერია, რომელიც ე.წ. მრგვალი მაგიდის ქუდის ქვეშ წარიმართება, კერძოდ, მრგვალი მაგიდა - ინვესტიციები, მრგვალი მაგიდა - ვაჭრობა და ა.შ.

„ეს იქნება პლატფორმა აქტუალური საკითხების განხილვისთვის, გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის, ღია დისკუსიისთვის.

პირველი მრგვალი მაგიდა თემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“ სექტემბრის ბოლოს, საქართველოში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქართული ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ. მოგვიანებით, ანალოგიური შეხვედრები ყაზახეთშიც იგეგმება,“ - აღნიშნავს გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი.

ორგანიზაციის  მისია საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება და ჯანსაღი ბიზნეს გარემოს არსებობის ხელშეწყობაა. გაერთიანებას აქვს ერთგვარი მედიატორის და კომუნიკატორის როლი როგორც ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის, ასევე მათი საჯარო სტრუქტურებთან შუამდგომლობისას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები