საზოგადოება
15/06/2022

"ყოველ წელს 10 მლნ ლარის უკანონოდ მოპოვებული თევზი იყიდება" - ბაზრის მონიტორინგი

პარლამენტს თევზის წარმომავლობის დოკუმენტის შემოღების ინიციატივით მიმართეს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი და ინიციატორი "M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ" წევრი ზურაბ მუშკუდიანია. მიზეზი ქვეყანაში ბრაკონიერული ფაქტების შემცირებაა. 

როგორც ინიციატორი განმარტავს, საქართველოში ყოველწლიურად უკანონო თევზჭერის 40 000-მდე ფაქტი ფიქსირდება, რაც ზიანს აყენებს საქართველოს წყალსატევებისა და სატყეო სავარგულების ბიომრავალფეროვნებას. მოძრაობის დაკვირვებით, 600-მდე ორგანიზებული დაჯგუფება მოქმედებს, რომლებიც სისტემატურად არიან ჩართულები წყალსატევებიდან თევზის უკანონო ამოღება-რეალიზაციაში. აქვთ გასაღების ბაზარი, ფლობენ სპეც. ტექნიკას. 

"გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტს საქართველოს მასშტაბით ჰყავს მხოლოდ 83 ეკიპაჟი, რომელთა მოვალეობაშიც უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენის გარდა შედის ბევრი სხვა მიმართულება. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ თავისებურებებს, ასევე პრობლემის მასშტაბებს, ეკიპაჟების რაოდენობის გაათმაგების შემთხვევაშიც კი, ვერ მოხერხდება წყალსატევებისა და სატყეო სავარგულების სრული მონიტორინგი", - აცხადებს ინიციატორი. 

საკანონმდებლო წინადადების ავტორის განმარტებით, აგრარულ ბაზრობებზე, სარიტუალო დარბაზებსა და რესტორნებში თავისუფლად ხდება თევზის რეალიზაცია. ბაზარზე არ არსებობს თევზის წარმომავლობის დოკუმენტის დადასტურების მოთხოვნა. ყოველწლიურად ბაზარზე 10 მილიონ ლარამდე ღირებულების უკანონოდ მოპოვებული თევზის რეალიზაცია ხდება. 

"აღსანიშნავია, რომ ამ თევზს ბრაკონიერები მოიპოვებენ სხვადასხვა მძიმე ბრაკონიერული მეთოდით, მათ შორის წყალსატევების მოწამვლით, რომელიც ერთი მხრივ, სრულად ანადგურებს წყალსატევებს, მეორე, ამ გზით მოპოვებული თევზის საკვებად გამოყენება ძალიან სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს თევზი მეტწილად წარმოადგენს მდინარის თევზს", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

შესაბამისად, ინიციატორის თქმით, აუცილებელია მოხდეს ბაზრის მონიტორინგი, რადგან ყველა ის თევზი, რომლის წარმომავლობისა და მოპოვების ადგილის/მეთოდის დადგენა ვერ ხერხდება, არ მოხვდეს ბაზარზე. 

ინიციატორს მიაჩნია, რომ კანონში ცვლილების მიღება 40%-ით შეამცირებს ქვეყანაში უკანონო თევზჭერას. 

გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს კუსტარული ელექტროშოკური აპარატების დამზადება/ფლობა/რეალიზაციის აკრძალვას. ქარხნული წესით დამზადებული ელექტროშოკური აპარატების რეგისტრაციას. 

"საქართველოში ყოველწლიურად ელექტროშოკური მოწყობილობებით თევზჭერის 8 000-მდე ფაქტი ფიქსირდება. ორგანიზებულ დაჯგუფებებს სხვადასხვა ლოკაციებზე ჰყავთ ინფორმატორები, რომლებიც მომენტალურად ატყობინებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის სწრაფი რეაგირების ეკიპაჟების გამოჩენის შესახებ. გარდა ამისა, ისინი ფლობენ ძვირადღირებულ გასაბერ ნავებს, გადაადგილდებიან შენიღბულები, რადგან ვიდეოგადაღების შემთხვევაში არ მოხდეს მათი სახის ამოცნობა. გარდა ამისა, ეს მოწყობილობები წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ ბუნებისთვის, არამედ ადამიანის სიცოცხლისთვის, ვინაიდან გამოყოფენ 300-დან 1200-მდე ვოლტ ელექტროენერგიას", - ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულია ასევე სახლართი ბადეების, ანკესზე მისაბმელი სახლართი ბადეების ქვეყანაში უკონტროლო შემოატანა/რეალიზაციის აკრძალვას. 

"აღნიშნული მოწყობილობების გამოყენებით უკანონო თევზჭერა-ნადირობის 20 000-ზემეტი ფაქტი ფიქსირდება. სახლართი ბადეები არღვევს თევზის მიგრაციის ბუნებრივ პროცესს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მთელი რიგი თევზის სახეობებისთვის", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

 

 

 

Businesspartner