საზოგადოება
16/09/2021

რადიო ქალაქი - აჭარა ჯგუფი ახალი მულტიფუნქციური სივრცის განვითარებას იწყებს

თბილისში, გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე, აჭარა ჯგუფი ახალი მულტიფუნქციონალური სივრც, რადიო ქალაქის განვითარებას უწყებს.

გეგმის პრეზენტაციას ჯგუფი ხვალ 17:00 საათზე გამართავს.

ღონისძიებაზე აჭარა ჯგუფის კომპანია ქოლექთივის აღმასრულებელი დირექტორი, ოთო ბერიშვილი საზოგადოებასთან საკომუნიკაციო ონლაინ პლატფორმასაც წარადგენს. პრეზენტაციას დაესწრება თბილისის მერი, კახა კალაძე.

რადიო ქალაქი, როგორც ინოვაციური და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული სივრცე, თბილისის შემოქმედებითი ინდუსტრიების ეპიცენტრად გარდაიქმნება. შესაბამისად, გლდანი-მუხიანში მდებარე ყოფილი რადიო ქარხნის განახლებული შენობები თბილისში ახალ და განსხვავებულ მიზიდულობის ცენტრს შექმნის.

„ჩვენი ინოვაციური პროექტი მოსახლეობასთან და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოაყალიბებს იმ უნიკალურ კოლაბორაციულ გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. რადიო ქალაქი განსაკუთრებით გლდანისა და მუხიანის მოსახლეობისთვის გახდება რეკრეაციის, გართობის, დასაქმების,  მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დასვენების და, შესაძლოა, ცოდნის გაღრმავებისა და ახალი უნარების შეძენის ადგილიც", - აცხადებს ოთო ბერიშვილი.

რადიო ქალაქში მოსახლეობისთვის შეიქმნება გაზიარებული სამუშაო სივრცეები, მაღაზიები, რესტორნები, ბარები, გასართობი და ღონისძიებების ორგანიზების ადგილები. პროექტი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას.

„რადიო ქალაქი განვითარდება შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებთან ერთად. შესაბამისად, ჩამოყალიბდება უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც გააძლიერებს მეწარმეებს, სტარტაპერებს, ხელოვანებს და უზრუნველყოფს მათი ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის აუცილებლ ხელსაყრელ გარემოს.“ - ამბობს ნატო ჯაფარიძე, აჭარა ჯგუფის განვითარების კომპანია ქოლექთივის აღმასრულებელი დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ რადიო ქარხნის საპრივატიზაციო პროექტის ინიცირების შედეგად, ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნება-განვითარების მიზნით, აჭარა ჯგუფმა აუქციონის წესით განახორციელა 23 მილიონი ლარის ინვესტიცია.

შეგახსენებთ, რომ „აჭარა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ რადიო ქალაქის პროექტში 4 წლის განმავლობაში $8 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს. კომპანიამ ტერიტორია დაახლოებით, 23 მლნ ლარად, აუქციონზე 2019 წელს შეიძინა. 

მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილ რადიო ქარხანას აჭარა ჯგუფი კრეატიული ეკონომიკის ახალ კერად აყალიბებს. პროექტი მიზნად ისახავს მხატვრების, მეწარმეების, პედაგოგებისა და სხვა სფეროების პროფესიონალების ჩაბმას ახალი ეკოსისტემის სინერგიაში. რადიოქალაქის ტერიტორია 12 ჰექტარს მოიცავს, რომელიც გამოყენებული იქნება საერთაშორისო ფესტივალების, გამოფენების, ხელოვნების ბაზრობებისა თუ არტისტების რეზიდენციების გასამართად. შეიქმნება ერთობლივი სამუშაო სივრცეები, ატელიები, სტუდიები და მრავალი სხვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო კუთხე. 

Businesspartner