საზოგადოება
02/06/2021

რატომ გაეცით პრემიები, სასწაული გააკეთეთ და ლარი გაამყარეთ? - გიორგი ვაშაძე სებ-ის პრეზიდენტს

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე ეროვნულ ბანკს პანდემიის დროს ყველაზე მეტი პრემია-დანამატის გაცემას საყვედურობს. 

დეპუტატმა პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს კითხვით მიმართა, რა დამსახურებისთვის მიიღეს სებ-ის თანამშრომლებმა 1 წლის განმავლობაში 5.5 მილიონი ლარის პრემია. 

“IDFI-ის კვლევით, თქვენს უწყებაში 2020 წელს პრემიის სახით 5.5 მილიონი ლარი გაიცა. ჩვენ, აქ ვინც ვსხვედვართ, ყველას გაგვიჭირდა, ყველას დააკლდა შემოსავალი, ხალხმა სამსახური დაკარგა, ლარი გაგვიუფასურდა, კურსი ვერ დაიჭირეთ. მთელ საქართველოში ამ პერიოდში 9.5 მილიონი ლარის პრემია გაიცა. ჯერ სხვაგან რატომ გაიცა ის 4 მილიონი ლარი არ ვიცი, მაგრამ აქედან 60% ეროვნულმა ბანკმა თანამშრომლებზე დაარიგეთ. რატომ? რამე სასწაული გააკეთეთ, ლარი გაგვიმყარდა? რა დამსახურებისთვის მიიღეთ ამდენი პრემია, როცა პენსიონერები სესხებში 36%-ს იხდიან, უმუშევრობა იზრდება, ლარი უფასურდება, ინვესტიციები არ შემოდის“, - მიმართა გიორგი ვაშაძემ კობა გვენეტაძეს.

ინფორმაციისთვის, IDFI-ის კვლევა აქვს გამოქვეყნებული, სადაც ნათქვამია, რომ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში 77 უწყებაში, საშტატო თანამშრომლებზე პრემია ან/და სახელფასო დანამატი 44 საჯარო დაწესებულებაში გაიცა, რამაც 21.5 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 9.5 მილიონი ლარი პრემიის ოდენობაა, 12 მილიონი ლარი, სახელფასო დანამატი.

საშტატო თანამშრომლებზე, პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა -  5.5 მილიონი ლარი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასცა, შემდეგ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 3 მილიონი ლარის სახით. ხოლო, სახელფასო დანამატის სახით 3.5 მილიონი ლარი საქართველოს პროკურატურამ გასცა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კი, 2.3 მილიონი ლარი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები