საზოგადოება
16/02/2023

რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა, იგივე ტერიტორიაზე კი თანამედროვე კლინიკა აშენდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული შენობა დაინგრევა და იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა აშენდება, სადაც ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრი ცალკე შენობის ან ფლიგელის სახით განთავსდება.

ამის შესახებ რუსთავი2-ის გადაცემაში “ბიზნესი რუსთავი2-ზე” ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

„ერთი წელია ამ პროცესს ვაკვირდები, ძალიან ბევრი ძალისხმევა გვქონდა, რომ იქნებ რაღაცეები შეგვერემონტებინა, პროცესებისთვის გადაგვეხედა, მაგრამ იმ პირობებში  შეუძლებელია რაიმის გამოსწორება, თუ სრული რებილიტაცია არ მოხდება. შენობა, რომლიც 60-70-იან წლებშია აშენებული, ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც ყველა კლინიკას მოვთხოვეთ 2024-2025 წლიდან. ამიტომ რეკომენდაციები გვაქვს მიღებული და ფინანსურად ეფექტიანი იქნება თუ დაინგრევა და აშენდება ახალი შენობა იმ ზომის და ფორმის,  რომელიც დაკამაყოფილებს სტანდარტებს, იქნება მრავალპროფილური. როცა დღეს იქ პაციენტი შედის, ვერ ვთავაზობთ მრავალპროფილურ მომსახურებას. როგორ არ ვცადეთ, მაგრამ  იმდენად რთული ინფრასტრუქტურული და აღჭურვის პრობლემებია, რომ შეუძკებელია ამ პირობებში რაიმეს მივაღწიოთ,“- აღნიშნა მინისტრმა და განაცხადა, რომ სწორედ აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, ამ შენობის ადგილზე ახალი საავადმყოფო აშენდეს.

„ვმუშაობთ კონცეფციაზე, როგორი უნდა იყოს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.  განიხილება იგივე ტერიტორია. ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი იქნება ამ მრავალპროფილური კლინიკის ნაწილი, როგორც ცალკე ფლიგელი ან ცალკე შენობა,“- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ამ ეტაპზე ცდილობს საკუთარი როლის გაზრდას ჯანდაცვის სისტემაში.

„იმ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სექტორი წარმატებულია, გაცილებით მეტი მონაწილეობაა სახელმწიფო კლინიკების, ვიდრე ჩვენთანაა. ჩვენთან სამწუხაროდ გადახდების ნაწილით რომ შევხედოთ, 3-5%-ის ფარგლებში მოდის სახელმწიფო კლინიკებზე, 90%-ზე მეტი კი კერძოა. მართვის და ხარისხიანი ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანია სახელმწიფოც იყოს ამ თამაშის მონაწილე და ტარიფების დადგენა იქნება თუ სხვადასხვა სტანდარტების შემოღება, სახელმწიფო იღებდეს მონაწილეობას. თანაფარდობა უნდა იყოს ლოგიკური. ჩვენთან პირიქითაა, რადგან 2009-2010 წლებში მოხდა სრული პრივატიზება დარ ამასთან ერთად, რაც სამწუხაროა, მოხდა სრული დერეგულაცია და ამის შედეგია, რაც გვაქვს სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში. ახლა გვიწევს იმ რეგულაციების შემოღება, რაც აუცილებელი და სასიცოცხლოა, და გვიწევს სახელმწიფოს წილის და როლის გაზრდა,“- აღნიშნა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სწორედ აღნიშნული პრივატიზაციის შედეგია, რომ 2009 წელს ინფექციური კლინიკა გაიყიდა და მას შემდეგ მისი კოლექტივი ჯერ კიდევ ძველ შენობაში მუშაობს. ახალი შენობა კი, რომელიც სახელმწიფომ დიღმის ტერიტორიაზე ინფექციური საავადმყოფოსთვის შეიძინა, მინისტრის განცხადებით, არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.

მისივე ინფორმაციით, ახლა ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და სულ რამდენიმე თვეში იქ აღჭურვის პროცესი დასრულდება. შენობაში კი გადავა როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, რომელიც ამჟამად ხილიანის ქუჩაზე მდებარეობს და რომლის მომსახურებითაც ბევრი პაციენტი სამართლიან უკმაყოფილებას გამოთქვამს. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ინფექციური კლინიკის შენობას სრული აღჭურვისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება, რადგან მას ესაჭიროება რთული გამწოვი სისტემები, ბოქსირებული პალატები, ერთ პაციენტზე გათვლილი უფრო მეტი ფართი, ვიდრე სტანდარტულ საავადმყოფოშია.

jandacva.ge

Businesspartner