ფოტო: gspia
საზოგადოება
22/11/2021

როგორი უნდა იყოს სოციალური პოლიტიკა - მთავრობა ახალ ხედვას რამდენიმე კვირაში წარადგენს

მთავრობა ახალ სოციალურ ხედვაზე იწყებს მუშაობას, სოციალური პოლიტიკის შექმნის მიზნით, ქვეყანაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. 

ახალ დოკუმენტის წარმოდგენას, პრემიერი რამდენიმე კვირაში გვპირდება. დოკუმენტში გაწერილი იქნება როგორ უნდა შეიცვალოს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უწოდებს, "არსებული მანკიერი სისტემა" გაჯანსაღებულით.

"შეიქმნება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა - ჩვენ სოციალური დახმარების ნაცვლად, შრომისუნარიან მოქლაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ. შეგვიძლია ასეთი ათასობით და ათიათასობით სამუშაო ადგილი შევქმნათ თითოეული მუნიციპალიტეტისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის განცხადებით, მსგავსი პროგრამა ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არსებული სოციალური პოლიტიკა შემაშფოთებელ ტენდენციებს აჩვენებს და ახალი სტრატეგიის მიხედვით, შრომისუნარიანი მოქალაქეები სოციალური დახმარების სანაცვლოდ უნდა დასაქმდნენ. 

"ჩვენ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, დაიწყოს მუშაობა, იმის შიშით, რომ მას სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას. არ არის მოტივირებული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს. ეს რა თქმა უნდა კატასტროფაა. ამ მიმართულებით მთავრობამ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

 

 

Businesspartner