საზოგადოება
10/11/2022

რუსთაველი - მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო ექსპლუატაციაში 2023 წელს გაეშვება

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბაგირო გზა, სადაც 21 გონდოლა იმოძრავებს, საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მ იქნება. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება და ის სამართავად, მთაწმინდის პარკს გადაეცემა. 

"სამუშაოების განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ცნობილი კომპანია "დოპელმაიერი", რომლის აღჭურვილობაც არსებულ პროექტში იქნება გამოყენებული. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, დასრულებულია ზედა სადგურის ფუძისა და ტექნოლოგიური ნაწილის მოწყობის სამუშაოები; ნაწილობრივ ამოყვანილია სადგურის კედლები და კოლონები; განხორციელდა ფუნდამენტის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს რიგელების მოსაწყობად ყალიბისა და არმატურის კარკასის მომზადება.

რაც შეეხება ქვედა სადგურსა და პირველ ანძას, სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა სამშენებლო მოედანზე არსებული სამსართულიანი საცხოვრებელი შენობის, ასევე, ქვედა სადგურის მართკუთხა ნაწილისა და მისი ფუნდამენტის დემონტაჟი. ასევე, აღნიშნული საცხოვრებელი სახლისა და მეზობელი შენობის საერთო კედლის გამაგრება, სამშენებლო მოედანზე განთავსებული მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების გადატანა. 

საბაგირო გზის მეორე ანძაზე, საპროექტო ანძის მიმდებარედ განხორციელდა გრუნტის გამაგრების სამუშაოები, ძველი საყრდენი ანძის ფუნდამენტის დემონტაჟი და შემკრავ კოჭზე მოეწყო ლითონის ღობე; ამასთან, დასრულებულია მესამე, მეოთხე და მეხუთე საყრდენი ანძების ფუნდამენტის, მათი ტანისა და ანკერების მოწყობა, ფუნდამენტის ჰიდროიზოლაცია.

სადგურის შენობისა და ბაქნის მოწყობა მომავალი წლის იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც, კომპანია "დოპელმაიერი" სადგურის ტექნოლოგიური ნაწილის მონტაჟს დაიწყებს. ზედა სადგურზე დამონტაჟდება ამძრავი მექანიზმი ყველა საჭირო აგრეგატით, მოეწყობა მართვის ოთახი და პულტი, ასევე, პლატფორმა გონდოლების დამჭერი მექანიზმების რევიზიისთვის. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სადგური გადაიხურება ლითონის კონსტრუქციით და ჩატარდება მოპირკეთების სამუშაოები. 

Businesspartner