საზოგადოება
07/11/2020

საბჭო: კლინიკის მიღმა არ უნდა დარჩნენ ადამიანები, ვისაც სპეციალური მკურნალობა სჭირდება

საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ესპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იმსჯელა, ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებას.

საბჭოს წევრები მიიჩნევემ, რომ აუცილებელია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია.

"ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება, არის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით. ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, გადავიდნენ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა", - განაცხადეს საბჭოს სხდომაზე.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 852 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 39 773 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 441 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3015 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 2 599 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 670 პირი.

გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 620 000-ს გადააჭარბა, სულ კი ინფიცირებულთა რაოდენობა 50 მილიონს უახლოვდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

 

Businesspartner