საზოგადოება
01/06/2021

საჭიროებს თუ არა ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირებული მესამე დოზას - თამარ გაბუნიას განმარტება

ერთი დოზით კოვიდვაქცინირებულის ინფიცირების შემდეგ, მეორე და დამატებითი ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით განსაზღვრული პროტოკოლი ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა, მეცნიერები განიხილავენ საკითხს, რომ ვაქცინაციასთან ერთად გადატანილი ვირუსი მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბების საფუძველია და შესაძლოა, მოკლე პერიოდში ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების აუცილებლობა არ იყოს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.  

“ინფიცირების შემდეგ მეორე და დამატებითი ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ერთიანი განსაზღვრული პროტოკოლი არ არსებობს, ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მიდგომა აქვს. ზოგიერთი ქვეყანა გადატანილი ინფექციის შემდეგ საერთოდ აღარ მიიჩნევს საჭიროდ მეორე ვაქცინაცინას. ჩვენს შემთხვევაში, ერთი დოზით ვაქცინის შემდეგ თუ იქნება ინფიცირება, 120 დღე მეორე დოზას არ ვთავაზობთ.

დღეს მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ გადატანილი დაავადება ვაქცინაციასთან ერთად მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბების საფუძველია. შესაძლოა არც იყოს აუცილებელი მესამე დამატებითი ვაქცინცია მოკლე პერიოდში, ვაქცინაციიდან დაავადების გადატანის შემდეგ, თუმცა ამაზე ჯერჯერობით მყარი დასაბუთებული რეკომენდაციები გამოქვეყნებული არ არის. ეს არის მხოლოდ მოსაზრების დონეზე“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილე ინფიცირებასა და ვაქცინაციას შორის 120 დღიან ინტერვალზეც აკეთებს განმარტებას.  

“120 დღე ეს არის ის საშუალო ინტერვალი, როდესაც გადატანილი ვირუსის შემდეგ იმუნური სისტემა მყარია და განმეორებითი რეინფიცირების რისკი არის დაბალი, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა არ იცდის ამდენს და უფრო მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის დაახლოებით 30 დღეში ატარებს განმეორებით ვაქცინაციას“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.  

Businesspartner