საზოგადოება
18/05/2022

სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის დაჯარიმდებიან

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებები გაფართოვდება. ცვლილებას "დაზღვევის შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია ინიცირებული. 

კანონპროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ინიციატორი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია. 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო იობაშვილმა განმარტა, ცვლილებით, "დაზღვევის შესახებ კანონი" "მომხმარებელთა უფლებების შესახებ" კანონთან მოვა შესაბამისობაში. 

კანონპროექტით, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, უფლებამოსილება ექნება აგრეთვე, დააწესოს დამატებითი შეზღუდვები, გასცეს წერილობითი მითითებები, გამოითხოვოს ინფორმაცია, თუ იარსებებს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, ექნება ფინანსური სანქციის დაწესების უფლებამოსილება. 

ახალი ფულადი ჯარიმები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით, დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ცვლილებები ამოქმედდება 2022 წლის ივნისიდან. 

 

 

Businesspartner