საზოგადოება
13/05/2022

საგზაო წესების დარღვევაზე სანქციები უნდა გამკაცრდეს - აუდიტის რეკომენდაცია

საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების რაოდენობა ისევ მაღალია. ამ საკითხზე აუდიტის სამსახურმა მიმოხილვა გამოაქვეყნდა. 

ანგარიშის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 2020 წელს, სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 873 144 შემთხვევა შეადგინა. გარემოება ვიდეოკამერებისა და რადარების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, სიჩქარის გადაჭარბების შედეგად გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ისევ მაღალია.

სიჩქარის კონტროლის ავტომატური სისტემა დარღვევად ვერ აღიქვამს და შესაბამისად არ აფიქსირებს სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების და სხვა დიდგაბარიტიანი ავტომობილების მიერ სიჩქარის გადაჭარბებას, რასაც ხშირად თან ახლავს ლეტალური შედეგით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევები.

"აქედან გამომდინარე, სექციური რადარების შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით დაპროგრამებამდე, ეფექტიანი იქნება სიჩქარის მზომი, პორტატული რადარების ინტენსიური გამოყენება", -  აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში. 

ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მანუალური შემოწმებით, რაც კამერების სიმრავლის გამო სისტემატიურად ვერ ხორციელდება. 

"აუდიტის მიმდინარეობისას, საშუალოდ, სიჩქარის კონტროლის სექციების 17.3% არ ფუნქციონირებდა. რომელი სისტემა რა პერიოდში გაითიშა, ამის მონაცემები ვერ წარმოგვიდგინეს. ეს გარემოება უარყოფით გავლენას ახდეს სამართალდარღვევების გამოვლენის ეფექტიანობაზე", -აცხადებენ აუდიტის სამსახურში. 

აუდიტი შსს-ს და 112-ს რეკომენდაციით მიმართავს, განიხილონ ვიდეოკამერების მწყობრიდან გამოსვლის ფაქტების ავტომატურ რეჟიმში დეტექციის პროგრამული უზრუნველყოფით, სსიპ-ის აღჭურვის საკითხი.

ასევე, აუდიტის რეკომენდაციაა, უკონტაქტო პატრულირების მეთოდის უპირატესობების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა განიხილოს საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის, მოქმედების ზონების, ტექნიკური ბაზისა და სამუშაო დროის მორგების საკითხი არსებულ გამოწვევებთან.

როგორც ანგარიშში წერია, შსს-ს მიერ არ ხორციელდება გზებზე საერთაშორისო გადაზიდვებით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების კონტროლი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხეებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის. 

ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხშირად ხდებოდნენ ქვეითად მოსიარულეები, მათი დაჯარიმების მაჩვენებელი არასაკმარისია (2020 წელს მხოლოდ 15 521 ქვეითად მოსიარულეა დაჯარიმებული), ხოლო ქვეითი პატრულის საქმიანობა აღნიშნული მიმართულებით ნაკლებ პროდუქტიულია და ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა ადეკვატურ გამოვლენას. აუდიტის რეკომენდაციაა, განსაკუთრებული რისკის ზონებში გააქტიურდეს საქმიანობა ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების გამოვლენისა და შესაბამისი სანქციების დაკისრების თვალსაზრისით.

2019-2021 წლებში რეგისტრირებული 7686 ავტოსაგზაო შემთხვევიდან, გამოძიების კონკრეტული შედეგი დადგა მხოლოდ 1137 შემთხვევაში (15%), რაც ამცირებს შსს-ს მიერ საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით გაწეული საქმიანობის ეფექტიანობას. 

"პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება ტექნიკური საშუალებების უფრო ინტენსიურად გამოყენებაზე",- აცხადებენ აუდიტის სამსახურში. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთი მუხლი, ვერ უზრუნველყოფს სისტემატურად დამრღვევებისათვის ადეკვატური სახდელის დაკისრებას. საუბარია ისეთ მუხლებზე, რომლებიც ადგენენ სახდელის ოდენობას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირს უკვე შეჩერებული აქვს ან საერთოდ არ გააჩნია მართვის უფლება. 

აუდიტის რეკომენდაციაა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე შესაბამისი სანქციების დაკისრების უზრუნველსაყოფად, განიხილონ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიზანშეწონილობა, რომელიც შეეხება სისტემატურად დამრღვევებისთვის სასჯელის გამკაცრებას და განსაკუთრებულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მაგალითად, სიჩქარის სისტემატური გადაჭარბება, ავტოსატრანსპორტო საშუალების სისტემატური მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირს უკვე შეჩერებული აქვს ან საერთოდ არ გააჩნია მართვის უფლება. 

აუდიტის პერიოდში არ ხორციელდებოდა ვიდეოჯარიმების გამოწერა და სანქციების შეფარდება ქართული არასტანდარტული ნომრებით მოძრავ და უცხო ქვეყნის სანომრენიშნიან (მათ შორის, ტრანზიტულ ნომრიან) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. აუდიტი შსს-ს და 112-ს რეკომენდაციით მიმართავს, უზრუნველყონ დამრღვევის იდენტიფიცირება, შესაბამისი სანქციის დაკისრება და მისი აღსრულებისათვის საჭირო ქმედითი ღონისძიებების გატარება.

ამასთან, აუდიტის რეკომენდაციაა, განიხილონ ვიდეოჯარიმებზე ქულათა კლების სისტემის გავრცელების შესაძლებლობა.

 

 

 

Businesspartner