საზოგადოება
09/06/2021

საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობები ესპანურ კომპანიებს გააცნეს

ესპანეთის მთავრობის ორგანიზებით “საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობები 2021” კონფერენცია ჩატარდა.

ესპანეთის მთავრობის, კერძოდ მადრიდის სავაჭრო პალატის (Cámara de Comercio de Madrid) და NTI Projects & Construction Management-ის ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით “საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობები 2021” ჩატარდა.

ვებინარს 70-მდე დიდი საერთაშორისო კომპანია ესწრებოდა, უმეტესად ესპანეთიდან.

საქართველოს ბიზნეს გარემოზე ისაუბრეს NTI Projects & Construction Management–ის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ზაქარიაძემ, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოაგილე რევაზ ტყავაძემ და გიორგი კიზირიამ (ADB).

ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას დავით ზაქარიაძემ ბიზნეს გარემოზე, საქართველოს პრივილეგიებზე ისაუბრა და დამსწრეებს ესპანეთის ყველაზე დიდ კომპანიებთან თანამშრომლობის  საკუთარი 15 წლიანი გამოცდილება გაუზიარა.

„ვებინარს კარგი გამოხმაურება მოყვა, უკვე დამიკავშირდა 10-მდე კომპანია, რომელსაც სურვილი აქვს საქართველოში საქმიანობა დაიწყოს. ვიმედოვნებთ, მსგავსი ღონისძიებებით უფრო მეტ ინვესტორს და საერთაშორისო კომპანიას მოვიწვევთ საქართველოში. სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება, ხოლო სექტემბრიდან საქართველოში ჩავატარებთ კონფერენციებს, რომელზე დასწრებაც შესაძლებელი იქნება,“ – აღნიშნავს დავით ზაქარიაძე.

შეხვედრაზე რევაზ ტყავაძემ ძირითადად ენერგეტიკის სექტორი აღწერა, თავისი პლიუსებით და მინუსებით, გიორგი კიზირიამ კი ADB-ის ფინანსურ ჩართულობასა და დაფინანსების მეთოდებზე ისაუბრა.

NTI Projects & Construction Management–ის აღმასრულებელმა დირექტორის თქმით, დღევანდელ დღეს განახლებადი ენერგიის განვითარება აუცილებელია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად და მისი ყველაზე დამანგრეველი შედეგების შესამცირებლად. 

"წიაღისეული საწვავისგან განსხვავებით, განახლებადი ენერგია გარემოს არ აბინძურებს. კიდევ ერთი ფუნდამენტური უპირატესობა არის ფასი. მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეული საწვავი განაგრძობს ფასების ზრდას, განახლებადი ენერგიები სულ უფრო დაბალ ხარჯებს ატარებს. ეს ხელს უწყობს ჩვენი დამოკიდებულების შემცირებას წიაღისეულ საწვავზე.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროპისა და აზიის ბაზრებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით აკავშირებს, რაც ძალიან საინტერესოა ორივე რეგიონის კომპანიებისთვის, ამას ემატება ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს ბაზარს,“ – ამბობს ზაქარიაძე.

ინფორმაციისთვის, NTI Projects & Construction Management–ის საქმიანობა იყოფა ორ ნაწილად, ერთი არის სამშენებლო პროექტების მართვა, ინჟინერია, ხოლო მეორე დიდი მულტინაციონალური კომპანიებისთვის ბიზნეს კონსულტაციები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები