საზოგადოება
30/11/2021

საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია Europerio 10-ზე გასამგზავრებლად ემზადება

საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია ყველაზე მასშტაბურ პაროდონტოლოგიურ კონგრესზე, Europerio 10-ზე გასამგზავრებლად ემზადება. ღონისძიება ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის ორგანიზებით, 2022 წლის ივნისში, კოპენჰაგენში გაიმართება.

Europerio 10–ში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 37 ქვეყნის პაროდონტოლოგთა ასოციაცია და მათ შორის საქართველოს დელეგაციაც ქართული დროშით წარსდგება.

ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ექიმი-პაროდონტოლოგი თათია ქოჩლაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ყველა მოქმედ სტომატოლოგს საშუალება აქვს შეუერთდეს საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციას და მონაწილეობა მიიღოს Europerio 10-ში, უახლესი სამედიცინო ინფორმაციისა და გამოცდილების მისაღებად. ამას გარდა, ასოციაცია აქტიურად მუშაობს რამდენიმე პროექტზე და ქართველი კოლეგებისთვის ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია (ჯეოპერიო), ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის (EFP) წევრი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ყველა პროექტი თუ სიახლე, რასაც EFP ევროპის მასშტაბით ახორციელებს, საქართველოშიც მიმდინარეობს.

"ქართველ ექიმებს "ჯეოპერიო" საუკეთესო საშუალებას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად გაეცნონ კლასიფიკაციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს და დანერგონ საკუთარ პრაქტიკაში. გარდა ექიმებისა, "ჯეოპერიოს", EFP-ის ეგიდით, რამდენიმე სოციალური პროექტი აქვს, რომელიც გათვლილია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებაზე.

თბილისში ორ წელიწადში ერთხელ ვატარებთ ყველაზე მასშტაბურ პაროდონტოლოგიურ კონგრესს „პერიო თბილისს“, რომლის ფარგლებშიც ევროპიდან და ამერიკიდან,  სპიკერებსა და წამყვან ექიმებს ვმასპინძლობთ. ტარდება როგორც კონგრესი, ასევე მასტერკლასები ექიმებისთვის.  2020 წელს დაგეგმილი იყო მორიგი ასეთი კონგრესის ჩატარება, რომელიც ვერ შედგა პანდემიის გამო. 2021 წელს გავითვალისწინეთ  რა, ზოგადი ეპიდ მდგომარეობა, გადავწყვიტეთ „პერიო  თბილისი“ ჩაგვეტარებინა ონლაინ სივრცეში, სადაც მოწვეული გვყავდა 6 უცხოელი სპიკერი“, ქართველ კოლეგებთან ერთად და ღონისძიებას 700 პრაქტიკოსი ექიმი ესწრებოდა", –აღნიშნავს თათია ქოჩლაძე.

პაროდონტოლოგია ეს არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც ღრძილის დაავადებებს სწავლობს. რაც შეეხება "საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციას", 2015 წელს დაარსდა. პაროდონტის დაავადებების სპეციფიკისა და გავრცელების მიხედვით, პაროდონტოლოგია მსოფლიოში საკმაოდ სწრაფად განვითარებადი სტომატოლოგიური დარგია, თუმცა საქართველოში 2015 წლამდე არ არსებობდა ასოციაცია, რომელიც ქართველ ექიმებს გააცნობდა ევროპასა და ამერიკაში დანერგილ თანამედროვე მიდგომებსა და გაიდლაინებს.

ასოციაცია ძირითადად ორი მიმართულებით მუშაობს – ქართველი ექიმების გადამზადება, მათთვის უახლესი ინფორმაციის გაზიარება, რომელსაც EFP უზრუნველყოფს და მკურნალობის მოძველებული მეთოდების ჩანაცვლება თანამედროვე, ევროპული მიდგომებით. ამასთან, მოსახლეობაში მეტი ინფორმაციის გავრცელება, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია და ის განსაზღვრავს მთლიანად ორგანიზმის მდგომარეობას, პროფილაქტიკის კულტურის დანერგვა და სწორად ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე.

 

 

Businesspartner