საზოგადოება
24/02/2021

საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ტელემედიცინის დანერგვა იწყება

პანდემიის ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას იწყებს და პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ტელემედიცინის დანერგვას გეგმავს.

ცნობილი ხდება, რომ ტელემედიცინის დანერგვის მიზნით სამინისტრო ₾3 მლნ-ის სამედიცინო ტექნიკას შეიძენს. მათ შორისაა  ოფთალმოლოგიური, ელექტროკარდიოგრაფიული, დიაგნოსტიკური და რადიოდიაგნოსტიკური აპარატურა და აქსესუარები, დერმატოლოგიური აპარატურა, პაციენტის მდგომარებაზე დაკვირვების სისტემა.

სისტემა დაინერგება უკვე შერჩეულ 50 ლოკაციაზე, რომლებიც უზრუნველყოფილია ინტერნეტით; ექიმსა და ექთანს აქვს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები და რომელიც ემსახურება სოფლების ჯგუფს 3000 და მეტი მოსახლეობით.

ჯანდაცვის სამინისტრო ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვით სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას ელის. 

ტელემედისინის დანერგვის უზრუნველსაყოფად გამოცხადებული ტექნიკის შესაძენ ტენდერში მითითებულია, რომ საქართველოში ამბულატორიული და პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების პროცესში არსებული გამოწვევების (კერძოდ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემები, რომლებიც ართულებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ბაზისური სერვისების მიღების შესაძლებლობას, ექიმ-სპეციალისტებსა და სოფლის ექიმებს შორის რეფერალური კავშირების სისუსტე და პაციენტის მართვის პროცესის ფრაგმენტაცია) გადაჭრის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარჯების დაზოგვის კუთხით, უაღრესად მნიშვნელოვანია, უახლოეს პერიოდში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ქსელში, განსაკუთრებით სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში.

პროექტი განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2021 წლის ბიუჯეტის კანონის შესაბამისად.

Businesspartner