საზოგადოება
17/05/2022

საქართველოში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 14 797 ჰა ფართობს აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია - კვერეთის აღკვეთილი.

აღნიშნულს "კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია დარეგისტრირებული. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. 

კვერეთის აღკვეთილი შეიქმნება საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რაჭის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, რომელიც მოიცავს მდინარეების - ჟრუჭულასა და ჩიხურას სათავეებს, მათ ზემო წელის წყალმშეკრები აუზების ტყეს და სუბალპურ მდელოებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას და შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების ლიმიტირებულ სარგებლობას, ეკოტურისტული პოტენციალის განვითარებას.

კანონი ძალაში 2023 წლის იანვრიდან შევა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები