საზოგადოება
08/08/2022

სახიფათო ნარჩენების მართვა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვება - საქართველოს ახალი სტრატეგია

ახალი გამოწვევების ფონზე, საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ცვლილება შედის. შედეგად ქვეყანას ახალი 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა ექნება.

ცვლილებით ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ემატება ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი: სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, პლასტიკის ნარჩენების მართვა, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა, ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება; შესაბამისად, ახალი რეალობების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ახალი ამოცანები.

ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმაში გაწერილია საკითხები მოიცავს კანონმდებლობის სრულყოფას და მის ჰარმონიზებას ევროკავშირის რეგულაციებთან; მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისის სრული მიწოდება ყველა დასახლებული პუნქტისათვის; მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელების და გადამტვირთი სადგურების მოწყობა და ძველი ნაგავსაყრელების დახურვა; სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა; სახიფათო ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება; პლასტიკის ნარჩენების პრევენციისა და დამუშავების ღონისძიებების ხელშეწყობა; ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა; „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; ნარჩენების რეციკლირების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლებისა და ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება.

Businesspartner