საზოგადოება
29/04/2022

საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა.

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%–ით  ნაკლებია.

მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.

აღსანიშნავია, რომ 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.8%–ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი, ანუ 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის − 63.7%–ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.5%–ს.

ცნობისთვის, რომ 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966).

Businesspartner